LIVE

ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობა იმატებს - სერბეთი არმიის მზადყოფნას აცხადებს

27 დეკ 202216:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობა იმატებს - სერბეთი არმიის მზადყოფნას აცხადებს
REUTERS/Florion Goga

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. 

სერბეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რეგიონში უკანასკნელი მოვლენების საპასუხოდ და იმ დაშვებით, რომ კოსოვო სერბებზე თავდასხმისთვის და ბარიკადების ძალით მოსახსნელად ემზადებოდა, პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არმიისა და პოლიციის უმაღლეს დონეზე მობილიზების ბრძანება გასცა. 

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, მიიღებს ყველა ზომას ხალხისა და ქვეყნის დასაცავად.

"პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გვაქვს", - განუცხადა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა. 

კოსოვოს ადმინისტრაციის უშიშროების საბჭო სიტუაციის უახლეს გამწვავებაში სერბეთს ადანაშაულებს. 

ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარება დაიძაბა ყოფილი სერბი პოლიციელის, დეიან პანტიჩის, დაკავების შემდეგ. 10 დეკემბრიდან ადგილობრივმა სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოში მრავალი საგზაო ბლოკი აღმართეს. 

კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში. ის აღიარებულია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უმრავლესი ქვეყნების მიერ.