
რუსეთი 2022 წელს ბუნებრივი აირის მოპოვებას და ექსპორტს ამცირებს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა.
"2021 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, გაზის წარმოება 12%-ით ნაკლები იქნება, ექსპორტი კი დაახლოებით მეოთხედით შემცირდება. ეს, პირველ რიგში, საექსპორტო ინფრასტრუქტურის გათიშვით არის განპირობებული", - ამბობს ნოვაკი.
მისივე თქმით, LNG წარმოება წელს 8,7%-ით გაიზრდება.
ნოვაკის შეფასებით, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, მოსკოვმა ნავთობის მოპოვების შემცირების თავიდან არიდება მოახერხა.
„ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, წელს, 2021 წელთან შედარებით, ნავთობის წარმოებას გავზრდით, დაახლოებით, 2%-ით და, ინდუსტრიაზე წნეხის მიუხედავად, 535 მილიონ ტონას მივაღწევთ. ექსპორტი 7.5%-ით, 242 მილიონ ტონამდე გაიზრდება“, - განაცხადა ნოვაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ნავთობპროდუქტების გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები გაჩნდება, ნავთობის გადამუშავება გარკვეულწილად შეიძლება ჩანაცვლდეს ექსპორტის დამატებითი მოცულობებით.
რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვა ძალაში 5 თებერვლიდან შედის, რაც დაემატება დეკემბრის დასაწყისში ნავთობის საზღვაო მიწოდებით აკრძალვას და ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას.