LIVE

აშშ-ს ზოგიერთი უნივერსიტეტი TikTok-ზე წვდომას ზღუდავს

24 დეკ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
აშშ-ს ზოგიერთი უნივერსიტეტი TikTok-ზე წვდომას ზღუდავს

აშშ-ს უნივერსიტეტების მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობა ეტაპობრივად ბლოკავს TikTok-ზე წვდომას მათ საკუთრებაში არსებული მოწყობილობების ან WiFi ქსელების გამოყენებით. მათ შორისაა ოკლაჰომასა და ალაბამას ობერნის უნივერსიტეტებიც.

მათ უკვე განაცხადეს, რომ შეზღუდავენ თავიანთი სტუდენტებისთვის TikTok-ზე წვდომას. გავრცელებული ინფორმაციით, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს ჯორჯიას შტატის 26 უნივერსიტეტი და კოლეჯიც.

ოკლაჰომას უნივერსიტეტის ელ.ფოსტის საშუალებით სტუდენტებსა და პროფესორებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინება გუბერნატორის ბრძანების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში და ითვალისწინებს იმას, რომ უნივერსიტეტის არც ერთ თანამშრომელს ან სტუდენტს TikTok აპლიკაციაზე ან ვებ-გვერდზე, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ან მართული მოწყობილობებიდან, წვდომა არ ექნებათ. სკოლა ასევე მოითხოვს, რომ უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული TikTok ანგარიშები წაიშალოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ათზე მეტმა შტატმა, მათ შორის მერილენდმა, სამხრეთ დაკოტამ და ტეხასმა, უკვე გამოაცხადა აკრძალვები TikTok-ზე.

​ბოლო პერიოდში TikTok-ისადმი კრიტიკა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც Buzzfeed News-ის მოხსენებაში აღინიშნა, რომ აშშ-ის მომხმარებლების ზოგიერთ მონაცემზე ჩინეთის მთავრობის მიერ შესაძლო წვდომის ფაქტი დადასტურდა. შედეგად, გასულ კვირას, სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით, წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აკრძალოს TikTok-ის ოპერირება შეერთებულ შტატებში.