LIVE

საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე 50 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციას გეგმავს

20 თებ 202116:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე 50 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მთავრობა ინვესტორებს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს საპრივატიზაციოდ.

მან აღნიშნა, რომ პრივატიზაციის პროცესზე მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს:

„ერთი - ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ ფინანსურად და დამოუკიდებლად მოიძიონ დაფინანსება, მათ შორის, რეფორმირებულ კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო და დანარჩენი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც უნდა განკერძოვდეს და ჩვენ ამ აქტიური ახალი პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. კერძოდ, უახლოეს პერიოდში პირველ ათ საწარმოს შევთავაზებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გაიყიდება წელსვე, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, აღნიშნა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და კერძო სექტორზე გადაცემა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, მით უმეტეს კრიზისულ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა წლებია ლაპარაკობს პრივატიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ჯამური მოცულობა ქვეყნის ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს უტოლდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პოტენციალი მეტია და ქვეყანას შეუძლია ბევრად მეტი შემოსავალი მიიღოს არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორზე გასხვისებით. ამ მიდგომის ეფექტიანობა არაერთი პოსტ-საბჭოური ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა.

2020 წლის მდგომარეობით სახელმწიფოს საკუთრებაშია 352 საწარმო. მათ შორის, 173 - ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში, ხოლო 179 - ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაშია. მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე 134 საწარმო ირიცხება. სახელმწიფო საწარმოების აბსოლუტური უმეტესობა წამგებიანია.