მიუხედავად მზარდი სტატისტიკისა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით მიღებული შემოსავლების ჯამური მოცულობა მაინც დაბალია. უფრო ზუსტად კი, პრივატიზაციის შედეგად მობილიზებული თანხის საერთო საშუალო მოცულობა მთლიანი ბიუჯეტის 1%-ს უტოლდება. შედეგად, სახელმწიფო ქონების გასხვისებით, ბიუჯეტი ყოველწლიურად საშუალოდ 88 მლნ ლარს იღებს, მაშინ როცა პოტენციალი მეტია.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა პრივატიზაციის პროცესშია.
როგორც ირკვევა, რიგ შემთხვევებში, მთავრობა ბიზნესს ქონების პრივატიზების სანაცვლოდ კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს, რაც კერძო სექტორისთვის ხშირად არამომგებიანია. იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და კერძო მფლობელობაში გადატანა ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბიზნესმა ქონების შესყიდვა გამართულებელი გარემოებების გარეშე უნდა შეძლოს, ხოლო თავად პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობა უნდა გაიზარდოს.