LIVE

რუსეთის კოსმოსური სააგენტო თანამგზავრული პროგრამისთვის $710 მილიონს ისესხებს

21 დეკ 202215:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 455
რუსეთის კოსმოსური სააგენტო თანამგზავრული პროგრამისთვის $710 მილიონს ისესხებს

რუსეთის კოსმოსური სააგენტო 2023 წელს მასობრივი თანამგზავრების აშენების პროგრამისთვის 50 მილიარდ რუბლამდე ($710 მილიონი) თანხას ისესხებს. ქვეყანას სურს, რომ ამ მიმართულებით, აშშ-სა და ჩინეთს დაეწიოს. 

როსკოსმოსის განცხადებით, რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე ობლიგაციებს მომავალი წლის განმავლობაში განათავსებს.  

როსკოსმოსის ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა დღეს „ვედომოსტის“ განუცხადა, რომ ორგანიზაცია თანამგზავრების წარმოებისთვის ორი ქარხნის აშენებას გეგმავს. 

მისივე თქმით, რუსეთი ამჟამად წელიწადში დაახლოებით 15 თანამგზავრს აწარმოებს. ამ მაჩვენებლით, ის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ჩამორჩება.

„ილონ მასკი დღეში ექვს კოსმოსურ ხომალდს აწარმოებს და 2022 წლისთვის 42 000 თანამგზავრის შექმნას გეგმავს. ჩინეთის წარმოების სიმძლავრე წელიწადში 500 თანამგზავრზე მეტია“, - უთხრა ბორისოვმა „ვედომოსტის“.

ბორისოვის თქმით, რუსეთს სურს, რომ თანამგზავრების წარმოება 2025 წლის ბოლომდე წელიწადში 200-დან 250-მდე გაზარდოს.  

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ წელს ორბიტაზე რამდენიმე თანამგზავრი გაუშვა. მათ შორისაა, GLONASS, რუსული სატელიტური სანავიგაციო სისტემა, რომელიც პოტენციურად ამერიკული GPS-ის და ირანული Khayyam-ის კონკურენტად განიხილება.