LIVE

CEPA: რუსეთის მორიგი ე.წ. შეთანხმება, რომელიც აფხაზეთისთვის საბედისწეროა

20 თებ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1199
CEPA: რუსეთის მორიგი ე.წ. შეთანხმება, რომელიც აფხაზეთისთვის საბედისწეროა

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (CEPA) 2020 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების შესახებ ვრცელ ანალიზს აქვეყნებს:

როდესაც მსოფლიო პოლიტიკურ დრამაშია გახვეული, რეგიონალური მოვლენები ადვილად ექცევა მხედველობის მიღმა. დასავლეთის ყურადღება რუსეთში ალექსეი ნავალნის მოწამვლის და გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მისი დაპატიმრების თემებმა მიიპყრო. ექსპერტების ინტერესი კი Nord Stream 2-ის ბრძოლასა და მთიან ყარაბაღში ომის შედეგებზე დისკუსიამ გადაწონა. თუმცა, რაც ყურადღების მიღმა დარჩა, ეს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

2020 წლის ნოემბერში საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ე.წ.  46 პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.  

დოკუმენტი ბევრ ისეთ დებულებას მოიცავს, რომლებიც 2014 წლის სამხედრო ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული. ახალი ე.წ. შეთანხმება ადგილობრივი უძრავი ქონების გაყიდვასა და ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისად რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ, მიიღონ აფხაზური პასპორტი. ამასთან, ახალი დოკუმენტით შემოღებულია მთელი რიგი კანონები, რომლის მიხედვით, რუსი ინვესტორები უძრავი ქონების ყიდვას, ინვესტიციების ჩადებასა და საკონტროლო აქციების ყიდვას შეძლებენ. 

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ივაჭრონ აფხაზეთის ენერგეტიკულ სექტორში. გარდა ამისა, აფხაზები განახორციელებენ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებს სოციალურ, ეკონომიკურ, სამედიცინო და პოლიტიკურ სფეროებში რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგად, შესაძლოა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა არსებულზე უკეთესი ეკონომიკური შედეგი მიიღოს, რუსეთის კანონმდებლობასთან შემდეგი მასშტაბური ჰარმონიზაცია რეგიონის რუსეთთან შერწყმის პროცესს აჩქარებს. და ეს არის დილემა, რომელიც თავად აფხაზურ პოლიტიკური კლასის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ახალი „სოციალურ-ეკონომიკური“ შეთანხმება - მათი გადმოსახედიდან - ტერიტორიის პოლიტიკურ სტატუსს არ ცვლის, აფხაზურ ელიტას აწუხებს, რომ ისინი რუსეთთან საბოლოოდ გაერთიანების გზას დაადგნენ.

ე.წ. შეთანხმების კრიტიკამ აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია აიძულა, კატეგორიულად განეცხადებინა, რომ აფხაზეთი არ კარგავს სუვერენიტეტს. მან ხაზი გაუსვა დოკუმენტის პოზიტიურ ელემენტებს, განსაკუთრებით სოხუმის აეროპორტის გახსნას.

ბჟანიამ არგუმენტად მოიყვანა აფხაზეთში ელექტროენერგიის ქრონიკული დეფიციტი და რუსეთის დახმარების გადაუდებელი საჭიროება. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს კიდევ ერთი რეგიონის, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთს არასდროს ჰქონია რუსეთთან შერწყმის სურვილი.

რუსეთი გრძელვადიან თამაშს თამაშობს. 2020 წლის განმავლობაში აფხაზეთზე ზეწოლა თანდათანობით გაიზარდა. მოსკოვისთვის მისაღები რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ, კრემლის ოფიციალური წარმომადგენლები ეჭვის თვალით უყურებდნენ ბჟანიას კანდიდატურას. ე.წ. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბჟანია იძულებული გახდა, რამდენჯერმე გამგზავრებულიყო მოსკოვში ერთგულების დასადასტურებლად. ამის მიუხედავად, პანდემიის ფონზე რუსული დაფინანსება მცირდებოდა. დახმარების აღდგენის ფასი, როგორც ჩანს, ე.წ. ეკონომიკური ჰარმონიზაცია იყო, რაც რუსეთთან საბოლოო ასიმილაციის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს. 

ენერგეტიკის სექტორში რუსული ინვესტიციების და მიწის შესყიდვების შედეგად აფხაზეთი ნელ-ნელა დაკარგავს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის უკანასკნელ ნიშნებსაც კი. ეკონომიკურად ოკუპირებული აფხაზეთი ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი. ამასთან, აფხაზეთს ყველაზე სტრატეგიული მდებარეობა აქვს - გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიაში. რეგიონი ასევე ცნობილია პორტებით და სამხედრო ინფრასტრუქტურით. მასზე კონტროლი რუსეთს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება სამხრეთ კავკასიაში.

აფხაზეთში რუსული გეგმები ასევე უნდა განვიხილოთ რუსეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ძალების განმტკიცების კონტექსტში, განსაკუთრებით ყარაბაღში განვითარებული მოვლენებისა და იქ რუსეთის სამშვიდობო მისიის განლაგების ფონზე. აფხაზეთში ეკონომიკური ექსპანსია ნიშნავს სხვა პოტენციური მოთამაშეების კიდევ უფრო დაშორებას, როგორიცაა თბილისი და კოლექტიური დასავლეთი.