
საქართველოს ეროვნული ბანკი, დღეიდან, მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტების გამოშვებას და ეტაპობრივად გაყიდვას იწყებს.
სებ-ის განცხადებით, ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია და მისი შეძენა ეროვნულ ბანკში შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:
- 2022 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრში, მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით;
- 2023 წლის 3 იანვრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით;
- 2023 წლის 16 იანვრიდან დაიწყება ოქროს მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - ასევე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და სებ-ის ფულის მუზეუმის სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვისას მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტები, რომლების გამოშვებაც ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმებოდა, ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაშია მოჭრილი.
„ამ მონეტების გამოშვება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა, მათი დამზადებისა და, შესაბამისად, გამოშვების პროცესი ობიექტური მიზეზების გამო ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში გარკვეულწილად გაჭიანურდა“, - ამბობენ სებ-ში.
ოქროს მონეტის მახასიათებლებია:
- ნომინალი - 5 ლარი;
- შემადგენლობა - Au 900;
- წონა - 8.5 გ;
- დიამეტრი - 25 მმ;
- წიბო - გლუვი;
- ხარისხი - პრუფი;
- მოჭრის რაოდენობა - 1 800 ცალი;
- გამოშვების წელი - 2022;
- დიზაინერი - ელენე გოგორელიანი.