LIVE

პოლონეთი და ლიეტუვა რუსეთის სანქცირების მე-9 პაკეტს სიმსუბუქის მიზეზით ბლოკავენ

15 დეკ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
პოლონეთი და ლიეტუვა რუსეთის სანქცირების მე-9 პაკეტს სიმსუბუქის მიზეზით ბლოკავენ
John MacDougall/AFP/Getty Images

პოლონეთი და ლიეტუვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტს ბლოკავენ, რადგან მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული ვერსია პოტენციურად აჩენს ხვრელს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებს გამდიდრების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ვერ მივიღებთ შეთავაზებას, რომ შევამსუბუქოთ შემზღუდავი ზომები იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ და სარგებლობენ პუტინის რეჟიმით,“- თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 

პოლონეთი და ლიეტუვა ამტკიცებენ, რომ სანქციების პაკეტის უახლესი ვერსია ხელს შეუწყობს რუსეთის ომის ბიუჯეტის გაზრდას. ლანდსბერგისის თქმით, მან წევრ ქვეყნებს მოუწოდა არ დაემორჩილონ რუსეთის ნარატივს, რომ სანქციები აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს და აღნიშნა, რომ ბლოკის მიზანი უნდა იყოს „აგრესორის ქმედებების შეზღუდვა და არა მათი შემსუბუქება“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემხრობა „გამჭვირვალე და მკაცრ სანქციებს - ისეთ სანქციებს, რომლებიც ეფექტურია და ამცირებს რუსეთის ფინანსურ შესაძლებლობებს“.  

მისივე თქმით, რუსი ლობისტები ხშირად აქტიურობენ ბრიუსელში და მათი მიზანი ნათელია - მათ სურთ, შეამსუბუქონ სანქციები. 

„რამდენიმე ქვეყანა სანქციების სიიდან ზოგიერთი რუსი ოლიგარქის ამოღებას გვთავაზობს. მათ შორის არის მოშე კანტორი, რომელიც, როგორც პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, პასუხისმგებელია რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებზე. ამას ნამდვილად ვეწინააღმდეგებით. იაფ და უაზრო ინსინუაციებს იმის შესახებ, რომ თითქოს პოლონეთი სანქციების შემსუბუქებას ემხრობა, საფუძველი არ აქვს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ პოლონეთი სანქციების გამკაცრების მომხრეა“, - თქვა მორავიეცკიმ. 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ის არ ელის, რომ ლიდერები სანქციებზე შეთანხმდებიან და საკითხები განსახილველად, სავარაუდოდ, ელჩებს დაუბრუნდებათ. 

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი გასულ კვირას წარადგინა