
აზიის განვითარების ბანკის წინასწარი მისია საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ერთობლივი გამშვები პუნქტის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფასებს.
დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა, სადაც მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ“ შეთანხმება.
სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მშენებლობას, რასაც მნიშვნელოვანი როლი ექნება რეგიონული ვაჭრობისა და ტრანზიტის განვითარების კუთხით.
როგორც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა აღნიშნა, სასაზღვრო გამტარი პუნქტების ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, აზიის განვითარების ბანკის მიერ უკვე მხარდაჭერილი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, ერთობლივი გამშვები პუნქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანზიტული პოტენციალის რეალიზებას და ქვეყნის ტრანზიტულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს.