LIVE

ევროკავშირის ქვეყნები გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებას დღეს განიხილავენ

13 დეკ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 682
ევროკავშირის ქვეყნები გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებას დღეს განიხილავენ

ევროკავშირის ქვეყნები დღეს, ბლოკის მასშტაბით, გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე იმსჯელებენ

ბლოკის 27 ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები ბრიუსელში ხვდებიან და შეეცდებიან, რომ რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკომისიის მიერ გასულ თვეში შემოთავაზებული ფასის ლიმიტი დაამტკიცონ. 

ეს იქნება ევროკავშირის უახლესი პასუხი ენერგეტიკულ კრიზისზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების შემცირებით.  

"ალბათ, არც ერთი წევრი ქვეყანა არ არის კმაყოფილი იმ წინადადებით, რომელსაც განვიხილავთ", - ამბობს ევროკავშირის ერთ-ერთი რანგის დიპლომატი, რომელიც გაზის ტარიფის შეზღუდვას მოიხსენიებს, როგორც "ერთ-ერთ ყველაზე რთულ და კომპლექსურ საკითხს, რისი წარმოდგენაც შეიძლება". 

ქვეყნები, მათ შორის ბელგია, პოლონეთი და იტალია, ამბობენ, რომ საჭიროა ლიმიტის დაწესება, რათა თავიანთი ეკონომიკა ენერგიის მაღალი ფასებისგან დაიცვან, ხოლო გერმანია, ნიდერლანდები და ავსტრია შიშობენ, რომ ამ ნაბიჯით ევროპა გაზის ნაკადებს დაკარგავს. 

ევროკავშირის სხვა დიპლომატების თანახმად, შეთანხმება დღეს შესაძლოა არ შედგეს. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მოლაპარაკებების გაგრძელება ხუთშაბათს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე, რის შემდეგაც, მომავალ კვირას ლიდერები ფასზე შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.  

გაზის ფასზე ლიმიტის დაწესების როგორც მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს პოტენციურად გარიგების დაბლოკვა თანაბრად შეუძლია.  

კომპრომისის პროექტი, რომელიც ქვეყნებმა შაბათ-კვირას განიხილეს, გულისხმობს გაზის ფასზე ლიმიტის ამოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ Dutch TTF-ის ფიუჩერსები 5 დღის განმავლობაში, მეგავატ საათზე 220 ევროს გადააჭარბებს და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ LNG-ის ტარიფი საორიენტაციო ფასზე 35 ევროთი მეტი ეღირება.

ეს ზღვარი დაბალია ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ 275 ევრო/მგვტ/სთ ლიმიტზე, მაგრამ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საბერძნეთსა და იტალიას, ლიმიტის კიდევ უფრო მეტად დაწევა სურს.