LIVE

14 დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

09 დეკ 202215:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 474
14 დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 14 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სერვისი ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ამოქმედდება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის მომსახურებას საერთაშორისო კორპორაცია ENTERPRISE გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ALAMO - აეროპორტის მგზავრებს ბიუჯეტურ ავტომობილებს შესთავაზებს, ENTERPRISE rent a car - საბაზისოს, ხოლო NATIONAL - პრემიუმ კლასის ავტომობილებს. კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ. 

„მანქანის გაქირავების სერვისი აეროპორტში კოვიდამდე გვქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ, განახლებულ აეროპორტში აუქციონის გზით ახალი, საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია ENTERPRISE შემოგვყავს“, - განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, კორპორაცია ENTERPRISE 65 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. დღეის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში 9 500-ზე მეტი ლოკაციით. ENTERPRISE-ს დასაქმებული ჰყავს 80 000-მდე ადამიანი და ფლობს 1.7 მლნ-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას.

საქართველოში კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს და ჰოლდინგში შემავალი სამივე ბრენდით არის წარმოდგენილი.