LIVE

IDFI: საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა

08 დეკ 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
IDFI: საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა

ინოვაციების გლობალური ინდექსის 2022 წლის შედეგებით, საქართველოს რეიტინგი 2021 წელთან შედარებით, 11 პოზიციით გაუარესდა და ქვეყანამ 74-ე ადგილზე გადაინაცვლა, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) აცხადებენ. ანგარიშის თანახმად, წელს, წინა წლებთან შედარებით, საქართველომ ყველაზე დაბალი, 27.9 ქულა დააგროვა.

IDFI-ს შეფასებით, უკუსვლა ბევრად უფრო თვალსაჩინოა იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელს საქართველო 37 ქულით 48-ე ადგილს იკავებდა.

„ინდექსის ანგარიშში ქვეყნების შედეგები განხილულია როგორც ეკონომიკური ჯგუფების (მაღალი შემოსავლის, ზედა-საშუალო, ქვედა-საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები) ჭრილში, ასევე რეგიონულ ჭრილში. GII-ის კვლევის ფარგლებში საქართველო განხილულია როგორც ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყანა. 2022 წლის გამოცემაში, საქართველომ მაღალი შედეგები აჩვენა 7-იდან მხოლოდ 2 კატეგორიაში. კერძოდ, ინსტიტუტები და ადამიანური კაპიტალი შეფასდა ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით. თუმცა, საქართველო დანარჩენ 5 კატეგორიაში - საბაზრო გარემო, ინფრასტრუქტურა, ბიზნეს განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითი პროდუქტები - საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა.

ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან ინოვაციური განვითარების დონით გამოირჩევა ჩინეთი, პერუ, იორდანია, ბრაზილია, ბულგარეთი, იამაიკა, მოლდოვა, სამხრეთ აფრიკა, და ტაილანდი. ამ ქვეყნების შემთხვევაში, შედეგები აღემატება მათი განვითარების დონისთვის არსებულ მოლოდინებს, ამ მხრივ კი პირველ ადგილს ჩინეთი ინარჩუნებს“, - აცხადებენ IDFI-ში. 

რაც შეეხება რეგიონულ ჭრილს, საქართველო მიკუთვნებულია დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ჯგუფს, ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, იორდანია, ტუნისი და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, რეგიონულ ასპარეზზე საქართველო იკავებს 11-ე ადგილს 19 ქვეყნიდან, რითაც ქვეყნის პოზიცია წინა გამოცემის შედეგებთან შედარებით, 4 პოზიციითაა გაუარესებული. საქართველო საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა მხოლოდ ინსტიტუტების კატეგორიაში, ხოლო რეგიონის საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები გამოავლინა დანარჩენ 6 კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციების გლობალური ინდექსი (GII) 130-მდე ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. GII მიზნად ისახავს ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს ინოვაციური დანახარჯების (inputs) და პროდუქტების (outputs) გათვალისწინებით. შეფასება ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს 7 თემატური კატეგორიის გარშემო.