LIVE

ჯანმო: საქართველოში 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი რეაბილიტაციას საჭიროებს

08 დეკ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
ჯანმო: საქართველოში 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი რეაბილიტაციას საჭიროებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიშის თანახმად, 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში და 394 მილიონი ევროპის რეგიონში, ცხოვრობს ჯანმრთელობის მინიმუმ ერთი მდგომარეობით, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობის სწრაფად დაბერება, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და რეაბილიტაციის სარგებლის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა მთავარ მიზეზთა შორისაა.

ჯანმოს შეფასებით, ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები, რომლებიც რეაბილიტაციის საჭიროებას იწვევს, შემდეგია: წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომის უნარზე, ქვეყნებს ემუქრებათ მილიონობით დოლარის ხარჯები ეკონომიკური პროდუქტიულობის ნაკლებობის, მზარდი სიღარიბისა და უმუშევრობის გამო.

„რეაბილიტაცია ჯანდაცვის საბაზისო სერვისია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც იგი სჭირდება და ჯანდაცვის ყველა დონეზე. თუ საჭირო ზომები არ იქნა მიღებული, ქვეყნები რისკავენ ადამიანთა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას, რადგან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია საზოგადოებაში სრულფასოვანი წვლილი შეიტანოს“, - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებენ, მასზე წვდომა არ აქვთ.

ჯანმოს თანახმად, რეაბილიტაციის პროფესიონალების დეფიციტი აფერხებს მისი სერვისების ხელმისაწვდომობას. საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 12-ჯერ ნაკლები ფიზიოთერაპევტი, 141-ჯერ ნაკლები ოკუპაციური თერაპევტი და 6-ჯერ ნაკლები პროთეზირებისა და ორთოტიკის პროფესიონალები არიან, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში.

ანგარიშის მიხედვით, გაცილებით მეტია საჭირო იმისათვის, რომ რეაბილიტაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. 

ჯანმოში აცხადებენ, რომ პოსტ-კოვიდურმა მდგომარეობამ რეაბილიტაციის საჭიროება წინა პლანზე წამოწია. ქვეყნები აღიარებენ მდგომარეობის სერიოზულობას და თუ რამდენად დიდი როლი აკისრია რეაბილიტაციას ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ რეაბილიტაციას პოტენციალი აქვს თავიდან აიცილოს ძვირადღირებული ჰოსპიტალიზაცია, შეამციროს საავადმყოფოში გატარებული დრო, ხელახალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რისკი. ფუნქციებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის გაუმჯობესებით, რეაბილიტაცია ამცირებს მუდმივი მოვლის ხარჯებს და ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ განათლებასა და მუშაობაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი მოუწოდებს ქვეყნებს:

  • გახადონ რეაბილიტაცია პრიორიტეტული და მიიჩნიონ იგი ჯანდაცვის საბაზისო სერვისად, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს;
  • მოახდინონ რეაბილიტაციის ინტეგრირება ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე - პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებსა და სპეციალიზებულ ცენტრებში. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა რეაბილიტაციის სერვისებზე;
  • ხელი შეუწყონ ადეკვატური და კარგად გაწვრთნილი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების მიზნით.