LIVE

პროდუქტიულობა და ანაზღაურება პრობლემად რჩება - მსოფლიო ბანკი საქართველოზე

06 დეკ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 461
პროდუქტიულობა და ანაზღაურება პრობლემად რჩება - მსოფლიო ბანკი საქართველოზე

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას პოზიტიურად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემურ საკითხებად რჩება პროდუქტიულობის ამაღლება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. 

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული  ეკონომიკური მემორანდუმის თანახმად, მშპ-ის ზრდის 4-4.5%-ის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭირო იქნება შემდგომი რეფორმები. 

„მეტი შესაძლებლობების, კავშირებისა და უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე ქვეყანა უკეთ შეძლებს ორიენტაციას ეკონომიკური ვარდნის გლობალური ტენდენციების, მზარდი ვალის, ღირებულების გლობალური ჯაჭვების გამოწვევების, თანამედროვე ტექნოლოგიების და კლიმატის ცვლილების პირობებში, რომელთაგან თითოეული შეიძლება რისკს უქმნიდეს ეკონომიკურ ზრდას, ან სწორად მართვის შემთხვევაში, გვთავაზობდეს პოტენციურ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმების დაახლოებით ერთი მეხუთედი ისევ სოფლის მეურნეობაზე მოდის. ამასთან, სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულ პირთა გამომუშავებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რაც მიანიშნებს, რომ სტრუქტურული გარდაქმნის პოტენციალი ჯერ ამოწურული არ არის.

"მომავალში ეკონომიკური ზრდა საქართველოში სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული კომპანიების პროდუქტიულობის მატებასა და გარე ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენების უნარზე. ამასთან ერთად, გაცილებით აქტიურ და მაღალკვალიფიციურ მუშახელს შეუძლია არსებული დემოგრაფიული ტენდენციების კომპენსირება და პროდუქტიულობის ამაღლება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ევგენი ნაჟდოვმა.

დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ რამდენიმე დაბრკოლებას, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს პროდუქტიულობაზე, მათ შორის, დაფინანსებასთან წვდომაზე, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილზე, კონკურენციაზე, ისევე როგორც ფირმების შესაძლებლობებზე.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ქართული ფირმები უნდა გახდნენ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებულნი და ყურადღებას ამახვილებდნენ უკეთესი კავშირების დამყარებაზე. 

ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა დანაზოგების ზრდა ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლების აღსადგენად ვალის ზრდის გარეშე, რისი მიღწევაც შესაძლებელია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით, კორპორაციული მართვის გაძლიერებით და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდით და შინამეურნეობების ფინანსური წიგნიერების ამაღლებით.