LIVE

მომხმარებლების უმეტესობა თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს - კონკურენციის სააგენტო

06 დეკ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
მომხმარებლების უმეტესობა თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს - კონკურენციის სააგენტო

მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ნოემბერში მოქალაქეებმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 42 განაცხადი შეიტანეს. უწყების ინფორმაციით, აქედან 6 შემთხვევაზე საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია.  

„მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%-ს, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება - 28%-ს, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა - 5%-ს, ნივთის უპირობოდ დაბრუნება - 5%-ს, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები - 2%-ს.

ერთი თვის განმავლობაში შემოსული განაცხადების მიხედვით, 80%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% - ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, ამ ეტაპზე, 96%-ით თბილისი ლიდერობს“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, პირველი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. პასუხისმგებელი უწყება, რომელიც მომხმარებლების საჩივრებს განიხილავს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორებისას ჯარიმა გაორმაგდება.