LIVE

აშშ და ევროკავშირი ჩინურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის დაწესებას განიხილავენ

06 დეკ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 499
აშშ და ევროკავშირი ჩინურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის დაწესებას განიხილავენ

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩინურ ფოლადსა და ალუმინზე ახალი ტარიფების დაწესებას განიხილავენ. წინადადების მიზანი ნახშირბადის ემისიების შემცირებაა.

გლობალურად ფოლადის ნახევარზე მეტს ჩინეთი აწარმოებს. აშშ-ის მტკიცებით, ქვეყანა მეტალს ამუშავებს ჭარბი რაოდენობით, რაც საფრთხეს უქმნის მათი ფოლადის მრეწველობის გადარჩენას.

ტარიფების დაწესების იდეა ეკუთვნის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას. მედიის ინფორმაციით, წინადადება ჯერ განხილვის ეტაპზეა და ევროკავშირთან შეთანხმება მომავალი წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.  

წინადადება, რომელიც გარკვეულწილად ჰგავს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას, ძირითადად მიმართულია ჩინეთზე, თუმცა ასევე მოიცავს სხვა დიდ დამაბინძურებელ ქვეყნებს.   

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა კეტრინ ტაიმ და მისმა გუნდმა ჩარჩო შეთანხმება ევროკომისარს, ვალდის დომბროვსკის და სხვებს პრაღაში ოქტომბრის ბოლოს წარუდგინეს. 

მედიის ინფორმაციით, მაშინ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან, ასევე ბლოკის ნახშირბადის ფასების შიდა მექანიზმთან თავსებადობის საკითხი წამოჭრეს. 

ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, გასულ წელს ფოლადის ექსპორტმა აშშ-ში უცხოეთში მთლიანი გადაზიდვების 2.1% შეადგინა, ხოლო ალუმინის ექსპორტი, როგორც წესი, დაახლოებით 5%-ს შეადგენს.

საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ის თანახმად, რკინისა და ფოლადის გლობალური წარმოება ყოველწლიურად 3,4 მილიარდ ტონა ნახშირბადს, ანუ გლობალური გამონაბოლქვის 7%-ს გამოყოფს.

ჩინეთი გლობალურად ფოლადის 60%-ზე მეტს და ალუმინის 57%-ს აწარმოებს.