
პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან 20 თებერვალს შემოვა. რეისი „მაერსკ ჩინეთის“ მიერ არის ორგანიზებული და ის ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორისთვის განკუთვნილი პრიორიტეტული ტვირთის ტრანსპორტირებას ემსახურება. ინფორმაციას APM Terminals-ი ავრცელებს, რომელიც ფოთის პორტის მმართველი კომპანიაა.
კომპანიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს პირდაპირი ბლოკ-მატარებლით დაუკავშირდა; სიანიდან თბილისამდე მგზავრობის დრომ კი მხოლოდ 21 დღე შეადგინა.
„ეს ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ალტერნატივაა. ბლოკ-მატარებელი არის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც უწყვეტად, შეუფერხებლად ოპერირებს საწყის და დანიშნულების პუნქტებს შორის და ტვირთმფლობელებს თავიდან არიდებს საზღვრების კვეთასთან დაკავშირებულ თუ სხვა ბიუროკრატიულ სირთულეებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების თანმდევია," აცხადებენ APM Terminals-ში.
კომპანია მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ბლოკ-მატარებელი ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიმართულებით ტვირთების ეფექტური ტრანსპორტირების შესაძლებლობას. ამასთან, „მაერსკი“ პარტნიორობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური), რათა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალი ეფექტიანად იქნას ათვისებული აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების მიმართულებით წამოსული ტვირთების თვალსაზრისით.
“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.