
მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გამრავლების საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ბიზნესსუბიექტების - მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა.
„მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მსჯელობის პროცესში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი აქვს, გაეცნოს აღნიშნულ კანონპროექტს. თუ რაიმე შესასწორებელია, შევასწროთ.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეიძლება გამოვყოთ ინოვაციური მიდგომა ცხოველთა მიკვლევადობის მიმართულებით, რაც ცხოველთა მიტოვებას და მათ უკონტროლო გამრავლებას მაქსიმალურად გამორიცხავს. კანონპროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევებისას და ასევე, ცხოველის მიერ მესამე პირისთვის ზიანის მიყენებისას, რაც გამოწვეულია მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, მზადაა, ამ მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოყოს.