LIVE

Wall Street ბიტკოინს გვერდს ვერ აუვლის

18 თებ 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 349
Wall Street ბიტკოინს გვერდს ვერ აუვლის
GETTY IMAGES

ბევრი პროფესიონალი, რომელიც ტრადიციულ ფინანსურ სისტემაშია ჩართული, ბიტკოინს წლების განმავლობაში უგულებელყოფდა. მათთვის კრიპტოს, როგორც ინვესტიციას ან ვალუტას, არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ფინანსური სფეროს ეს წარმომადგნლები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ციფრული ვალუტა არ არის დაზღვეული სარეზერვო აქტივით, და მის უკან არც ძირითადი ბიზნესები და არც მთავრობები არ დგანან. თუმცა, ამგვარი პოზიციის შენარჩუნება სულ უფრო რთულდება.

მიუხედავად ამისა, არაფერი იქცევს Wall Street-ის ყურადღებას ისე, როგორც აქტივი, რომელითაც კონკურენტებმა დიდი მოგება ნახეს.  ბიტკოინმა ფინანსური სისტემის პორთფელებში შეღწევა დაიწყო.

8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ Tesla-მ $1.5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა. იგივე გააკეთა გასულ წელს პროგრამული სისტემების მწარმოებელმა MicroStrategy – მ $1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციით.

თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი კორპორატიული ხაზინადარი და მთავარი ფინანსური ოფიცერი არ აპირებს მიჰყვეს Tesla-ს და MicroStrategy-ის მაგალითს. საბოლოო ჯამში, ბიტკოინი მაინც მიდრეკილია მოულოდნელი ვარდნისკენ. საშუალო ფინანსურ დირექტორს კი არ სურს ერთ დღეს გაიღვიძოს და აქტივი, რომლითაც კომპანია უნდა ყოფილიყო გადაზღვეული, 2-ჯერ ან 3-ჯერ შემცირებული დახვდეს. ბიტკოინის შემთხვევაში ეს რისკი ყოველთვის არსებობს.

მიუხედავად ამისა, ამ საზოგადოებრივი კომპანიების მხრიდან ბიტკოინის მიმღებლობა, როგორც ჩანს, ციფრული აქტივის მიმართ სენტიმენტებს მნიშვნელოვნად ცვლის. 2017 წელს JPMorgan- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დიმონმა თქვა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლებდა ყველას, ვინც საკმარისად "სულელი" აღმოჩნდებოდა, რომ კრიპტოვალუტით ევაჭრა. ამ თვეში, JPMorgan- ის თანა-პრეზიდენტმა დანიელ პინტომ CNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ბანკი ბიტკოინით ივაჭრებს, თუ მოთხოვნა საკმარისად გაძლიერდება და ის დარწმუნებულია, რომ ეს ასეც მოხდება.

საბოლოოდ, რაც უფრო მეტი ბიტკოინი შემოვა კორპორაციულ ბალანსებში, მით უფრო ნაკლებად აღიქმება ის, როგორც ჰეჯირების იარაღი ან იზოლირებული აქტივების კლასი. ბიტკოინსა და ტრადიციულ ფინანსებს შორის კავშირის გაძლიერება ნიშნავს, რომ ბიტკოინის ტურბულენტობა საფონდო ბირჟაზე ტურბულენტობის გამომწვევი გახდება. ამას, შესაძლოა, დიდი გართულბები მოჰყვეს.

ისიც შესაძლებელია, რომ კორპორაციებისა და Wall Street-ის მიმღებლობა ციფრული მონეტის მიმართ, ბიტკოინის სტაბილურობას შეუწყოს ხელი. ან შეიძლება, ვერც დაეხმაროს, რადგან კრიპტო მაინც თაღლითებისა და ჰაკერების საყვარელი ინვესტიციაა. რომ აღარაფერი ვთქვათ, მილიონობით დოლარის ციფრულ ქონებაზე, რომელიც დავიწყებული პაროლების ან დაკარგული მყარი დისკების გამო დაიკარგა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ რეგანი