LIVE

დაბალი კვალიფიკაცია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში?

20 ნოე 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
დაბალი კვალიფიკაცია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში?

ადგილობრივი ფერმერებისთვის დღეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული მთავარი პრობლემა განათლების დაბალი დონე და თანამედროვე ტექნოლოგიაზე დაბალი ხელმისაწვდომობაა. 

​უფრო ზუსტად, როგორც "ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის" თავმჯდომარე, ვახტანგ ბეჟიტაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, დღეს გლობალური სასოფლო-სამეურნეო მიმართულება სულ უფრო ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული ხდება, ამ მხრივ კი საქართველო განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რის გამოც ქართული პროდუქცია არაკონკურენტულია.

მიღმა ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდისა, ბეჟიტაშვილის თქმით, დარგში ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით შემცირდება პროდუქციის თვითღირებულებაც.

"თანამედროვე ტექნოლოგიები გათვლილია ზუსტად იმაზე, რომ მაქსიმალურად ხარისხობრივი პროდუქცია მივიღოთ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პროდუქციის თვითღირებულებაც დაიკლებს. ტექნოლოგიებში რომ მსხვილი ინვესტიცია ჩაიდოს, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავისუფლად შეიძლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 30-40%-ით გაიაფება", - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 

შპს "აგროინვესტსერვისის" დირექტორის, ვაჟა მკურნალიძის თქმით ტექნოლოგიური განვითარების ფონზე გაიზრდება ფერმერთა შემოსავლებიც. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მიიღებენ უფრო მეტ მოსავალს და შეძლებენ უფრო მეტის გაყიდვასაც.

"შესაძლებელია, პირობითად ციტრუსოვან ნაყოფებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 3-4 წელში მოხდეს 30%-ით მოსავლიანობის და ხარისხის ამაღლება. მაგალითად, კარტოფილის კულტურა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ძალიან გავრცელებულია, როგორც წესი საქართველოში, ერთ ჰექტარზე მას მოსავლიანობა აქვს დაახლოებით 60-70 ტონა. ჩვენი ფერმერი კი ათ ტონაზე მეტს ვერ იღებს. ანუ შვიდჯერ ნაკლებ შედეგზე გადის მაშინ, როცა ინტენსიური ტექნოლოგიების პირობებში შეუძლია მინიმუმ 2-3-ჯერ გაზარდოს მოსავლიანობაც და შემოსავლებიც", - აღნიშნავს ვაჟა მკურნალიძე. 

თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე რომ დარგის განვითარება შეუძლებელია, ამ მოსაზრებას იზიარებს ფერმერი ივა ჭყონიაც. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ შესაბამის ტექნიკას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილებაც სჭირდება.

"დაახლოებით ერთი წელია, რაც გავხდი ფერმერი და უკვე არაერთხელ შევეჯახე იმ ფაქტს, რომ შესაბამისი ტექნიკის გარეშე უბრალოდ მიწასაც კი ვერ დავამუშავებ ხარისხიანად. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დეფიციტია იმ კადრებისაც, რომლებიც მსგავსი ტექნიკის სწორად მართვას სჭირდება. ეს გახლავთ კომპლექსური საკითხი - თუ გვინდა გვქონდეს ხარისხიანი მოსავალი, გვჭირდება კვალიფიციური კადრი და თანამედროვე ტექნოლოგია. ამ ნაწილში სახელმწიფოს მეტი აქტიურობაა საჭირო", - ამბობს ივა ჭყონია. 

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს ამოქმედებული აქვს ერთდროულად რამდენიმე მხარდამჭერი პროგრამა. მათ შორისაა, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსება, ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა. ამასთან, მოქმედებს შეღავათიანი აგროკრედიტისა და სუბსიდირების პროგრამებიც, თუმცა ამ ყველაფერს თავად ფერმერები უფრო დარგის წახალისებად აღიქვამენ, ვიდრე განვითარების ხელშეწყობად. გამომდინარე იქიდან, რომ დარგში არსებული პრობლემები მუდმივად უცვლელია და ვერ გვარდება.