LIVE

მცირე მაღაზიები დისტრიბუტორებსა და მსხვილ სუპერმარკეტებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებენ

16 ნოე 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 733
მცირე მაღაზიები დისტრიბუტორებსა და მსხვილ სუპერმარკეტებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებენ

ქართულ მაღაზიათა ასოციაცია დისტრიბუტორ კომპანიებსა და ქსელურ მარკეტებს შორის არსებულ შესაძლო საეჭვო გარიგებებზე საუბრობს. ბაზრის მოკვლევის მიზნით კი კონკურენციის სააგენტოს მიმართავს.

უფრო ზუსტად, ასოციაციის წევრ მცირე ბიზნესებს ეჭვი აქვთ, რომ ბაზარი არაკონკურენტულია და დისტრიბუტორი კომპანიებისთვის პრიორიტეტული მსხვილი ქსელური მარკეტებია, რის გამოც მათ რიგი პროდუქტები, მათ შორის მალფუჭებადი, დაგვიანებით მიეწოდებათ. შესაძლო საეჭვო გარიგებების ფონზე განსხვავებულია ე.წ. ქეშბექების სისტემაც, რის გამოც გარკვეული სახის პროდუქტები მსხვილ კომპანიებს უფრო დაბალ ფასად მიეწოდებათ.

როგორც ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარე სანდრო სუბელიანი "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, ე.წ. ქეშბექების განსხვავებული სისტემის გამო მცირე მაღაზიები მსხვილ სუპერმარკეტებს კონკურენციას ვერ უწევენ და ყველაფერთან ერთად ზარალდება მომხმარებელიც.

"პირობითად მზესუმზირის ზეთს, მცირე საცალო ვაჭრობის მარკეტებს თუ 1 ლარად და 30 თეთრად აწვდის, აქედან ქეშბექის სახით უკან უბრუნებს საშუალოდ 10 თეთრს, მსხვილი საცალო მარკეტების შემთხვევაში კი შესაძლოა ქეშბექად დაუბრუნოს 20, 30 თეთრი ან მეტიც. რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზეც შესაბამისად აისახება. საბოლოოდ, შედეგის სახით ვიღებთ იმას, რომ ქსელურ სუპერმარკეტებში შესაძლოა კონკრეტული პროდუქტი უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე მცირე მაღაზიებში. ცხადია, მომხმარებელიც არჩევანს ისეთ ობიექტზე გააკეთებს, სადაც ეკონომიის მეტი შესაძლებლობა მიეცემა. ამის გარდა ბაზარზე სხვა სახის პრობლემებიცაა. მაგალითად, დისტრიბუტორი კომპანიების უმეტესობა მსხვილ ქსელურ მარკეტებს ბევრად ოპერატიულად ემსახურებიან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენი, მცირე და მსხვილი ქსელური მარკეტი ერთსა და იმავე ლოკაციაზე მდებარეობდეს, პატარა მაღაზიებში მალფუჭებად პროდუქტებსაც კი დღის ბოლომდე მაინც არ აწვდიან. ამ ყველაფრის ფონზე, მცირე მაღაზიების ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაიხურა, ბოლო ერთ წელში ალბათ 30-35%, ნაწილიც დახურვის პირასაა. ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ კონკურენციის სააგენტოს და იმედია ბაზრის მოკვლევაც დაიწყება", - აღნიშნავს სანდრო სუბელიანი.

მცირე მაღაზიების ბრალდებებს უარყოფენ დისტრიბუტორთა ასოციაციასა და მსხვილ ქსელურ მარკეტებშიც. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია განმარტავს, თავისუფალ საბაზრო პირობებში ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული მოლაპარაკება დავის საგანი არ უნდა გახდეს.

"პრეტენზია შეიძლება გქონდეს მაგალითად სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, მაგრამ ორი ბიზნესი ერთმანეთთან რას მოილაპარაკებს, ეს არავის აზიანებს. ამასთან, ხშირად სადისტრიბუციო კომპანიები იძულებულები არიან მსხვილ მარკეტებს გარკვეული პირობებით მიაწოდონ პროდუქცია, თანაც მაშინ, როცა მათი მთლიანი პორტფელის 10%-ს შესაძლოა კონკრეტული სუპერმარკეტი წარმოადგენდეს, მაგრამ თავისუფალი ბაზრის პირობებში ესეც მისაღებია", - აღნიშნავს ივა ჭყონია. 

ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში ამ დროისთვის დაახლოებით 600 მცირე ტიპის მაღაზიაა გაერთიანებული.