LIVE

სოფთვეარის ახალი ერა

14 ნოე 202218:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 849
სოფთვეარის ახალი ერა
კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის, Gartner-ის პროგნოზით, 2023 წელს პროგრამული ტექნოლოგიების განვითარებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი 5%-ს გადააჭარბებს და ჯამში $4.6 ტრილიონს მიაღწევს. ორგანიზაციის პროგნოზითვე, სოფთვეარ სერვისებზე მოთხოვნა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, რაც კომპანიებს მეტად უბიძგებს ციფრული ბიზნეს ინიციატივებისკენ. ინდუსტრიის მოსალოდნელი ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებს სხვა პროგნოზებიც. Zion Market Research-ის გათვლებით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი, რომელიც შარშან $60 მილიარდს აღწევდა, 2028 წლისთვის $422 მილიარდს გადააჭარბებს.
 
სწორედ ამ მოლოდინებით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე გლობალური კომპანიები სულ უფრო აქტიურად ეძებენ ახალ ბაზრებს საკუთარი ოპერაციებისთვის და მათ შორის, კარგი პოტენციალის მქონე ბაზრად განიხილება საქართველოც. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის ამერიკული Lineate, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ ბაზად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სწორედ საქართველო აირჩია.
 
ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ახლანდელი ერის, ანუ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის განუყოფელი ნაწილია და კაცობრიობის განვითარების ეს ეტაპიც, ისევე როგორც ყველა წინამორბედი - ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე დგას.
 
მართალია, ტექნოლოგიური ინდუსტრია საბოლოო პროდუქტის თუ სერვისის შესაქმნელად კომპიუტერს, ანუ ჰარდვეარს და მისი მეშვეობით გენერირებულ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა მასაც, ისევე როგორც ყველა სხვა ინდუსტრიას, ადამიანები მართავენ. ადამიანებს უჩნდებათ იდეა, შემდეგ იწყებენ ფიქრს, როგორ გადაჭრან ესა თუ ის ციფრული ამოცანა პროგრამული უზრუნველყოფის, ანუ software-ის შექმნით, რა დავალება მისცენ ხელოვნურ ინტელექტს და ა.შ. ამ პროცესის უკან ძირითადად IT ინჟინრები დგანან. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, ანუ სოფთვეარს.
 
სოფთვეარი, ბრძანებებისა და მონაცემებისგან შემდგარი პროგრამული ინსტრუქცია, ან ინსტრუქციათა ჯაჭვია, რომელიც ჰარდვეარს, ანუ კომპიუტერს (ან სხვა ტიპის მოწყობილობას) ამუშავებინებს ზღვა მონაცემებს განსაზღვრულ დროში, აკავშირებს ერთმანეთთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ დანადგარებს, მიმოცვლის ან აჯგუფებს ინფორმაციას დროის უმცირეს მონაკვეთში და ა.შ. 
 
"დღეს ყველა ბიზნესი სოფთვეარზე დაფუძნებული კომპანიაა. იქნება ეს პიცის ბიზნესი, თუ დაზღვევის. ყველაზე გამორჩეული კომპანიები კი ის კომპანიები არიან, რომლებიც ყველაზე გამორჩეულ სოფთვეარს ეყრდნობიან. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელში თამასამ კიდევ უფრო მაღლა აიწია: ის, რაც ადრე შთამბეჭდავი იყო, ახლა ისედაც მოსალოდნელია. მომხმარებელს უფრო სწრაფი ინფორმაცია სჭირდება, ამ კონკრეტული წამის განახლებით, მეტი მოქნილობა, მეტი უზადო ინტეგრაცია - ეს ყველაფერი კი დეველოპერებისგან სინათლის სისწრაფით მუშაობას მოითხოვს. ბევრი შრომა სჭირდება იმას, რომ მომხმარებლის მოთხოვნებს მოერგო, მაგრამ მათი აღფრთოვანება - ეს სულ სხვა საკითხია. სწორედ აქ არის პოტენციალი, რომ შეიქმნას არანორმალურად ამბიციური, დაუჯერებლად შთამბეჭდავი სოფთვეარი, რომელიც ახლანდელ მრავლისმნახველ მომხმარებელსაც კი გააოგნებს, ხოლო ხვალინდელ მომხმარებელს აღაფრთოვანებს," მიიჩნევენ Lineate-ში, რომელიც ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა. 
 
აშშ-ში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ გადაუჭრას პრობლემები მათ, ვისაც სურს გამოიყენოს მონაცემთა მასიური ნაკადი და გარდაქმნას ისინი კონკურენტულ უპირატესობად. 
 
15-წლიანი არსებობის ისტორიაში Lineate-მა ისეთ საერთაშორისო კომპანიებს გადაუჭრა ტექნოლოგიური პრობლემები, როგორიცაა The New York Times, ebay, Enterprise, Warner Music, SAP. კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო საკუთარი ოპერაციებისთვის ერთ-ერთ ლოკაციად დარგის და შესაბამისი პროფესიონალების განვითარების პოტენციალის აღმოჩენის შემდგომ აირჩია.
 
გარდა ამისა, Lineate-ს ბაზარზე საკუთარი გამოცდილებაც შემოაქვს - გამორჩეული მიდგომა სოფთვეარ დეველოპმენტის მიმართ, რომელიც სამ ეტაპს ეფუძნება: პირველი, ეს არის გამოწვევის გაანალიზება და მისი დაკავშირება ბიზნესის მიზნებთან, რაზეც შენდება პრობლემის გადაჭრის ხედვა; 
 
მეორე ეტაპი კომუნიკაციაა და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაა კლიენტ კომპანიასა და სოფთვეარის შემქმნელებს შორის, სადაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა IT ინჟინრებს ენიჭებათ, ხოლო მესამე და საბოლოო ეტაპი - დასრულებული პროექტი, რომელიც არ უნდა საჭიროებდეს ბაზრის ცვლილებასთან ერთად გადაკეთებას. 
 
ამ მიდგომის წარმატებულობა არაერთმა უკვე შემდგარმა პროექტმა დაადასტურა, მათ შორის PlaceIQ-ის მაგალითმა, რომელიც კლიენტებს სამიზნე აუდიტორიის სეგმენტირებულ ანალიზს სთავაზობს იმის მიხედვით, თუ სად დადიან და გადაადგილდებიან მომხმარებლები. საუბარია ტრილიონამდე მონაცემზე 40-ზე მეტი წყაროდან, რომლითაც PlaceIQ ბრენდებს ეხმარება უკეთ მისწვდნენ სასურველ მომხმარებელს, ყველაზე შესაფერის შეხების წერტილებში. Lineate-ს ამოცანა ამ პროცესში ახალი თაობის პლატფორმის შექმნა იყო, რომელიც ზღვა მონაცემებს რეალურ დროში მოუყრიდა თავს და შედეგად, ზუსტ სამიზნე აუდიტორიაზე გათვლილ რეკლამას დააგენერირებდა კონკრეტული მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად. კომპანიის მიერ არჩეულმა მიდგომამ გაამართლა და შედეგად, ახალი პლატფორმა უზადოდ აგროვებს 6-9 მილიარდ მონაცემს ყოველდღიურად, პარალელურად კი მიზნობრივ აუდიტორიაზე გათვლილ ინფორმაციას აგზავნის 60 მილიწამის პერიოდში. 
 
ეს ერთი წარმატებული სოფთვეარის მაგალითია, თუმცა Lineate-ს პორტფელში ასეთი მაგალითები მრავლადაა. კომპანიისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც ის არის, რომ დღევანდელი ერა სოფთვეარის წინსვლის ერაა და ეს პროცესი სულ უფრო მეტ სისწრაფეს, ინოვაციას, ახლებურ, განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მათ შორის, პირველ რიგში იმ ადამიანებისგან, ვინც პროგრამულ გადაწყვეტილებას ქმნიან. სწორედ ამიტომ, Lineate-სთვის ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს გუნდს, რომელიც ასეთი პროფესიონალებისგან შედგება. მათ შორის, უკვე ქართველი IT დეველოპერებისგანაც.