ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას უკრაინის საზღვართან გზების რეაბილიტაციისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. ეს დაემატება გზების განახლებისთვის 2013 წელს გამოყოფილ 150-მილიონიან სესხს.
EBRD-ის სესხი მოხმარდება ქალაქ სოროკასა და არიონეშტს შორის (46 კმ) მონაკვეთს, ასევე, არიონეშტიდან უკრაინის საზღვრამდე გზის (9,5 კმ) რეაბილიტაციას.
"მოლდოვა დასავლეთით ევროკავშირსა (EU) და აღმოსავლეთით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) შორის მდებარე კარიბჭეა. პანევროპული დერეფანი IX, რომელიც მოსკოვს, კიევსა და ბუქარესტს აკავშირებს, გადის მოლდოვას გავლით, კვეთს მის დედაქალაქ კიშინეუს და ასევე აკავშირებს შავი ზღვისა და სტამბოლის სამხრეთ პორტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას აღმოსავლეთით კავკასიასა და ცენტრალური აზიაში", - აღნიშნულია EBRD-ის განცხადებაში.
ივნისში მოლდოვას, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. EBRD აღნიშნავს, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის მიუხედავად, მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის საგზაო სექტორმა უზრუნველყოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე, ისევე როგორც, შენარჩუნდეს კავშირი დსთ-ს ქვეყნების ტრადიციულ ბაზრებზე.
ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ომმა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ტრადიციული სავაჭრო კავშირები გაწყვიტა, მოლდოვას სტრატეგიულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტირებისა და მუდმივი სავაჭრო ნაკადების უზრუნველსაყოფად.
EBRD მოლდოვაში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. ბანკმა 158 პროექტის მეშვეობით, 1,8 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.