LIVE

აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა

11 ნოე 202211:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 717
აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი გაუუქმა

აშშ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. 20 წლის უკან მინიჭებული სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა.

ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ს შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ანტიდემპინგური კანონმდებლობა გამოიყენოს და რუსულ საქონელს გადასახადი დაუწესოს. 

ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკაში მთავრობის "ფართო" ჩართულობამ გამოიწვია ფასების და ხარჯების დეფორმირება, რაც, უწყების განმარტებით, არ ასახავს, რამდენად აფასებენ რუსული კომპანიები აშშ-ში იმპორტის მნიშვნელობას. 

"რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ს აძლევს უფლებას, ანტიდემპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს იმისათვის, რომ აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რაც გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის მუშაობაში ხელისუფლების  მზარდმა ჩარევამ", – აღნიშნულია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა. ეს საჭირო იყო იმისთვისაც, რომ ის 2012 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებულიყო. 

სხვა დასავლურ ქვეყნებთან ერთად, აშშ-მა რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო, დაუწესა მასშტაბური სანქციები, რომლებიც მიზნად აგრესორი ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებას ისახავს.