
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე.
შეთანხმება სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად დეკემბერში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი.
მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის თქმით, პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებლების ჩათვლით, დაკმაყოფილებულია.
მისივე თქმით, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს.
თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ თანხის ათვისების საჭიროება არ დგას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი, სამწლიანი, $280 მილიონის მოცულობის პროგრამა მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცა. საქართველო თანხის მიღებას საჭიროების შემთხვევაში შეძლებს.