LIVE

Twitter-ის მომხმარებლები Mastodon-ზე გადადიან - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

13 ნოე 202215:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
Twitter-ის მომხმარებლები Mastodon-ზე გადადიან - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter იყიდა და მის მართვას შეუდგა, მომხმარებლების ნაწილმა ალტერნატიული სივრცის ძიება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა Mastodon-ია. 

ქსელი 2016 წელს შექმნა, თუმცა მისი მომხმარებლების განსაკუთრებული ზრდა ბოლო დღეებში შეინიშნება. პლატფორმას 655,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, აქედან 230,000-ზე მეტი მას გასული ერთი კვირის განმავლობაში დაემატა.

ვიზუალურად Mastodon ჰგავს Twitter-ს. ამ შემთხვევაში, მომხმარებლების გამოქვეყნებულ პოსტს "ტუტი" ჰქვია. სხვა ქსელების მსგავსად, აქაც შესაძლებელია სხვისი ჩანაწერის მოწონება, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნება და პასუხის გაცემა.  

პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ირჩევს მისთვის საინტერესო კატეგორიას - სერვერს. არჩეული სერვერი სახელის ნაწილიც ხდება, მაგალითად, თუ მომხმარებლის სახელია zsk, და ირჩევს გაერთიანებული სამეფოს სერვერს, პლატფორმაზე ის @zsk@mastodonapp.uk-ის სახელით დარეგისტრირდება. 

სერვერების ერთობლიობა ქმნის ქსელს, რომელიც სხვადასხვა ადამიანსა და ორგანიზაციას ეკუთვნის. ეს მეთოდი ქსელის დეცენტრალიზაციის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, კი არსებობს საფრთხე, რომ რომელიმე სერვერის მეპატრონემ ის გააუქმოს. პლატფორმა სერვერის მფლობელებს სთხოვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებლებს სამი თვით ადრე აცნობოს. 

გარდა ამისა, სხვადასხვა სერვერს მოდერაციის განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ზოგიერთს კი წესები საერთოდ არ გააჩნია. სპეციალისტების აზრით, პლატფორმის ზრდის შემთხვევაში, მისი მთავარი პრობლემა სწორედ მოდერაცია და შინაარსის გაფილტვრა იქნება. 

უკვე არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ადამიანები სიძულვილის შემცველი შინაარსის მქონე პოსტების სამიზნე გახდნენ. 

პლატფორმაზე სერვერების ნაწილი უფასოა, ნაწილი კი მომხმარებლებისგან შეწირულებას მოითხოვს.