LIVE

თურქეთში ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა და მორიგ 24-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

03 ნოე 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
თურქეთში ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა და მორიგ 24-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

ოქტომბერში თურქეთის წლიურმა ინფლაციამ მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 85,51%-მდე გაიზარდა. ეს 1998 წლის ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ოდნავ ჩამორჩება პროგნოზირებულ მაჩვენებელს - 85,60%-ს. 

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 3,54%-ით გაიზარდა. თვიურ ჭრილში, ყველაზე მეტად გაძვირდა ტანსაცმელი, მას საკვები, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოსდევს. 

ტრანსპორტის კატეგორიაში, სადაც ასევე შედის ბენზინის ფასები, წლიური მატება 117,15%-ს შეადგენს, საკვები პროდუქტები გაძვირებულია 99,05%-ით, ხოლო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა - 93,63%-ით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 7.83%-ით გაიზარდა, წლიური მატება კი 157.69%-ია.

ქვეყანაში ინფლაცია იზრდება გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფონზე, ლირა გაუფასურდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი სულ 350 საბაზისო პუნქტით 10.5%-მდე შეამცირა და აპირებს, რომ ეს ტენდენცია განაგრძოს. ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მოითხოვს, რომ წლის ბოლომდე თურქეთს ერთნიშნა რეფინანსირების განაკვეთი ჰქონდეს.