
სამხრეთ ჩინეთში მცხოვრები მამაკაცი ცოლ-შვილისგან საიდუმლოდ ინახავს, რომ ლატარიაში 219 მილიონი იუანი ($29,9 მილიონი) მოიგო. მისი თქმით, მოგებამ შეიძლება ისინი გააზარმაცოს. ამის შესახებ Bloomberg ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
მამაკაცი, რომელიც მხოლოდ ბატონი ლის სახელით არის ცნობილი, თანხის მისაღებად ლატარიის ოფისში მარტო მივიდა. ვინაობის დასამალად, ფოტოების გადაღებისას, მან ანიმაციური პერსონაჟის კოსტიუმი მოირგო.
"მოგების შესახებ ჩემს მეუღლეს და შვილს არ ვუთხარი, რადგან ისინი ზედმეტად თვითკმაყოფილნი იქნებოდნენ და მომავალში არ იმუშავებდნენ ან საკმარისად მუყაითად არ გაირჯებოდნენ", - განუცხადა მამაკაცმა გაზეთს.
მოგებული თანხის ნაწილი - 5 მილიონი იუანი მან ქველმოქმედებისთვის გამოიყენა. გადასახადების გარეშე, მას 171,6 მილიონ იუანი რჩება. მამაკაცს ჯერ არ გადაუწყვეტია რაში გამოიყენებს მოგებულ თანხას.
კაცმა მოგებიანი ბილეთი ჩინეთის ქალაქ ლიტანგში მდებარე მაღაზიაში იყიდა. მეორე დღეს, როცა გამარჯვების შესახებ გაიგო, თანხის მისაღებად გაემგზავრა ქალაქ ნანინგში, სადაც ლატარიის ოფისი მდებარეობს.
"მხოლოდ სასტუმროში მეძინა, რადგან გარეთ გასვლის და ლატარიის ბილეთის დაკარგვის მეშინოდა", - ამბობს გამარჯვებული მამაკაცი.