
Tesla ინოვაციური სატვირთო მანქანის, Cybertruck-ის მასობრივი წარმოების დაწყებას 2023 წლის ბოლოს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
Tesla-მ Cybertruck-ის შესახებ ინფორმაცია პირველად 2019 წელს გაავრცელა და თქვა, რომ მისი გაყიდვები 2021 დაიწყებოდა, მაგრამ ეს პროცესი, კომპონენტების ნაკლებობის გამო, შეფერხდა.
Tesla-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ ამჟამად ამზადებს ტეხასში მდებარე ქარხანას, სადაც "ადრეული წარმოების" დაწყება 2023 წლის შუა რიცხვებში იგეგმება.
"Cybertruck-ის გამოშვების ბოლო ეტაპზე ვართ", - თქვა მასკმა ფინანსურ ანალიტიკოსებთან კონფერენციაზე ჩართვისას.
ეს ნიშნავს, რომ ასიათასობით პოტენციურ მყიდველს, რომელმაც სატვირთო მანქანის დასაჯავშნად $100 გადაიხადა, ლოდინი კიდევ ერთი წელი მოუწევთ.
მაისიდან Tesla-მ ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ, წინასწარი შეკვეთების მიღება შეწყვიტა. მასკის თქმით, კომპანიამ იმაზე მეტ მანქანაზე მიიღო შეკვეთა, ვიდრე წარმოების დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოუშვებს.
მასკს არ უსაუბრია Cybertruck-ის ფასზე და არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ აპირებს წარმოების ბატარეებით უზრუნველყოფას.
2019 წელს, თავდაპირველად, Tesla-ს სატვირთო მანქანის გაყიდვა $40 000-ად იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, კომპანიამ მანქანების ფასი გაზარდა.
Cybertruck-ის გამოშვებით, Tesla ხდება ისეთი ელექტრო პიკაპების მწარმოებლების კონკურენტი, როგორებიცაა Ford Motor და Rivian Automotive. ორივე მათგანი მანქანებს შეზღუდული რაოდენობით უშვებს.