LIVE

სამოქალაქო სექტორის სოლიდარობა უკრაინას

31 ოქტ 202215:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
სამოქალაქო სექტორის სოლიდარობა უკრაინას

არასამთავრობო ორგანიზაციები ომის დაწყებისთანავე გაერთიანდნენ უკრაინის მხარდასაჭერად. მათ მიერ ორგანიზებული სამოქალაქო კამპანია და აქციები პირველივე დღეებიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ყველაზე აქტიური, რასაკვირველია, თბილისი იყო, სადაც რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე იკრიბებოდნენ ადამიანები  საქართველოსა და უკრაინის დროშებით და ორივე ქვეყნის ჰიმნს ასრულებდნენ, გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ და  ხელისუფლებასაც ამისკენ მოუწოდებდნენ. აკეთებდნენ მიმართვებს და განცხადებებს საერთაშორისო საზოგადოებისა და დემოკრატიის დამცველი ორგანიზაციების მისამართით, რათა მათ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ემოქმედათ.  

სამოქალაქო სექტორის როლი  ომისა და მისი შედეგებისთვის სამართლებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებაშიც გამოიხატა: მაგალითად, მათი ნაწილი ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის საერთაშორისო ხელმომწერებთან ერთად, მოუწოდებდა უმაღლესი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეას, მიეღო ზომები რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შესაჩერებლად. ეს ერთ-ერთი გზა იყო, რათა წინ აღსდგომოდნენ რუსეთის აგრესიას და მისი სისასტიკისგან დაეცვათ უკრაინელები.

საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას რუსეთის მხრიდან უმძიმესი დანაშაულები დაფიქსირდა. სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი პროფილის შესაბამისად იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში და ცდილობდნენ, ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების მორალურ-სამართლებრივი უფლებები დაეცვათ. 

მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ჩამოსულ დევნილთა მხარდაჭერა, რომელთაც სხვადასხვა სახის სერვისი სჭირდებოდათ. მათ შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში ბევრი რამ გააკეთეს უკრაინის მოქალაქეთა დასახმარებლად. უფრო დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ სამი მათგანის, სამი სრულიად განსხვავებული ორგანიზაციის წარმომადგენელთან ინტერვიუში შეიტყობთ:

„საფარი“ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაა, რომელიც ოჯახში და ზოგადად ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობის გარდა, ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასა და ქალთა მოძრაობის გაძლიერებაზე; ასოციაცია „ანიკა“ -  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირთა ინკლუზიასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. განხორციელებული აქვს არაერთი პროგრამა და პროექტი, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირთა უფლებების დაცვას ემსახურება; სოციალური საწარმო „კოდალა“ კი, გარდა იმისა, რომ ეკომეგობრულ ხის სათამაშოებს აწარმოებს, ხელს უწყობს ახალი პროფესიების დაუფლებაში სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს. უკრაინის დასახმარებლად თითოეულმა განსხვავებული ფორმა აირჩია. მათი წარმომადგენლები ომით დაზარალებულთა სოლიდარობის საკუთარ გზასა და ამ ვითარებაში ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან.

თამთა კახაბერიძე, „საფარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

- ომის დაწყებიდან ძალიან მალე  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებას და დემოკრატიული მსოფლიოს მთავრობებს წერილობით მიმართეს, სადაც ღიად აფიქსირებდნენ უკრაინისადმი სოლიდარობას.  უფრო დაწვრილებით,   რას ემსახურებოდა ეს აქცია  და თავისი მიზანი თუ შეასრულა?

- უკრაინაში მიმდინარე ომი,  თავად უკრაინელების შემდეგ ყველაზე მძაფრად ქართველებს შეგვეხო - ემოციურად, მატერიალურად, პოლიტიკურად და ა.შ. უახლოეს წარსულში, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რუსული აგრესია და მიმდინარე ომის პირობებშიც, ფაქტობრივად, „ნაღმზე ვსხედვართ“. ამიტომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან  ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ გამოხატა ღია მხარდაჭერა უკრაინელებისადმი - როგორც სიტყვით, ისე -  საქმით.

საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართული ქართული სამოქალაქო სექტორის ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანი და ორაზროვანია. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს, რაოდენ მნიშვნელოვან საქმესაც უნდა ვაკეთებდეთ  ქვეყნისათვის, მთელი ქართული საზოგადოების სახელით საუბრის საკმარისი ლეგიტიმაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ როცა ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესებსა და ღირებულებებს შორის დიდი უფსკრულია, გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ - როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, ისე ჩვენს მეგობარ უკრაინას: სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ; რისთვის, ვისთან ერთად და ვის წინააღმდეგ ვიბრძვით.

- მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის საერთაშორისო ხელმომწერებთან ერთად, მოუწოდეთ გაეროს გენერალურ ასამბლეას, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შესაჩერებლად. ეს ერთ-ერთი გზა  იყო იმისათვის, რომ წინ აღდგომოდით  რუსეთის აგრესიას, უკრაინელები მისი სისასტიკისგან დაგეცვათ.  რა როლი აქვს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას საომარი ვითარების დეესკალაციისთვის და რამდენად ქმედითია მსგავს ვითარებაში სამოქალაქო სექტორის გამოსვლები?

- რეალურად რომ შევაფასოთ, სამოქალაქო სექტორს არ გააჩნია პირდაპირი ბერკეტი ომის დეესკალაციისთვის, მაგრამ შეუძლია, ზეწოლა  მოახდინოს  მათზე, ვისაც მეტი ძალაუფლება და  ბერკეტი აქვს. გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვა და რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერების მოთხოვნა ზეწოლის ერთგვარი ფორმა იყო. შედეგი ყველამ ერთად ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რუსეთის ომმა უკრაინაში ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების უპრეცედენტო მობილიზება განაპირობა. რამდენად დროული იყო თითოეული, სადავოა, თუმცა ეს სხვა დისკუსიის თემაა. სამოქალაქო  სექტორის  როლს  ამ კონტექსტშიც ვხედავთ: მუდმივი, შეუწყვეტელი  და არგუმენტებზე დაფუძნებული ალტერნატიული დღის წესრიგის შეთავაზება  მათთვის, ვისაც არსებულ ვითარებაზე პირდაპირი ზეგავლენა შეუძლია.

სამოქალაქო სექტორის როლი  ომისა და მისი შედეგებისთვის სამართლებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებაშიც შეიძლება დავინახოთ. ღია ომის დროს, როცა ყოველდღიურად ვიგებთ ათობით დანგრეული და განადგურებული ქალაქის, ასობით გარდაცვლილის, ათასობით დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანის, მილიონობით დევნილის შესახებ, რთულია საერთაშორისო სამართლის დებულებებზე ფიქრი, მაგრამ პოსტსაომარ ვითარებაში ომის ყველა დანაშაული უნდა აღირიცხოს, შეფასდეს და შესაბამისი სანქცია დაეკისროს. იმედია, საბრძოლო მოქმედებები მალე დასრულდება, თუმცა ამის შემდეგ დაიწყება სამართლებრივი ბრძოლა, რომელიც გაცილებით დიდხანს გასტანს და რომლის მოგებაც ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- როგორია ზოგადად ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კორპორაციული პასუხისმგებლობა? რა განაპირობებს მათ აქტივობას?

- სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი აქტორია. ამას განაპირობებს არა მხოლოდ მათი მუშაობის სპეფიციკა ან მიღწეული შედეგები, არამედ ის კორპორაციული პასუხისმგებლობა, რასაც  ეს სექტორი იჩენს კონკრეტულ ვითარებაში. შეიძლება ეს ყველაფერი სტაბილური, ორგანიზებული და ყოველთვის კარგად მართული არ იყოს, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უნარი რომ აქვს,  უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად განხორციელებული აქტივობების მაგალითზეც გამოჩნდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე  ომი ჩვენი ომიცაა - და ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და პათეტიკა. ეს რეალობაა და აქედან გამომდინარე, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კორპორაციულმა პასუხისმგებლობამ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მნიშვნელოვნად მოიმატა.

- „საფარი“ აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებების დასაცავად. ომის მსვლელობისას ამ მხრივაც უმძიმესი სურათი გამოიკვეთა. როგორ იყო ჩართული თქვენი ორგანიზაცია ომით დაზარალებულ უკრაინელ ქალთა დასახმარებლად და კონკრეტულად ამ მიმართულებით  რა გაკეთდა?

- „საფარიმ“ თავიდანვე აქტიურად დაიწყო მუშაობა, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა  სერვისი და რესურსი  საქართველოში მყოფი და ომის გამო იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეებისთვისაც გაგვეზიარებინა. პირველ რიგში, მოვამზადეთ საინფორმაციო ბროშურა უკრაინულ ენაზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი, რისი შეთავაზებაც უკრაინელებისთვის შეგვიძლია. მათ შორის, უფასო იურიდიული დახმარება ქალებისა და ბავშვებისთვის. ასევე, ინფორმაცია ჩვენი მობილური აპლიკაციის შესახებ - Safe You-ზე, გარდა კრიტიკულ სიტუაციებში ე.წ. SOS ღილაკის გამოყენებისა; შესაძლებელია ანონიმური კონსულტაცია ფსიქოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან, იურისტთან და სოციალურ მუშაკთან. ომით დაზარალებული ქალებისა და ბავშვებისთვის მსგავსი ონლაინ კონსულტაცია მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებთან, რომლებიც უკრაინელებს ეხმარებიან; მონაწილეობა მივიღეთ გაცნობით შეხვედრაში, რომელსაც უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, თავად უკრაინიდან ომის დროს წამოსული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.  მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი რესურსების შესახებ რაც შეიძლება მეტმა უკრაინელმა გაიგოს. უკვე გვყავდა უკრაინელი ბენეფიციარი, რომელსაც კონკრეტული დახმარება გავუწიეთ.

- არსებული ვითარების გათვალისწინებით, რის გაკეთებას აპირებთ სამომავლოდ, როგორ დაეხმარება „საფარი“ უკრაინაში ომით დაზარალებულებს?

- დიდი ხანია დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ განვავითაროთ სამომავლოდ ჩვენი სერვისები ისე, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეთა საჭიროებებს  მოვარგოთ.  პირველ რიგში, დავიწყეთ ზრუნვა მათ ინფორმირებაზე. უკვე ვთარგმნით უკრაინულად ჩვენს მობილურ აპლიკაციას, Safe You-ს. რამდენიმე კვირაში იგი სრულად ადაპტირებული იქნება უკრაინულენოვანი ადამიანებისთვის. უკრაინულად ვთარგმნით უშუალოდ ორგანიზაციის საიტსაც და ინფორმაცია როგორც ჩვენი სერვისების, ისე ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მნიშვნელოვან საკითხებზე, უკრაინულადაც იქნება ხელმისაწვდომი.

ვგეგმავთ საქართველოში მყოფ უკრაინელებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მათ გაძლიერებას სხვადასხვა ფორმით. ამისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობებს დავგეგმავთ და განვახორციელებთ როგორც მეგობარ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან, ისე ინდივიდუალურად.

კოტე სვანაძე, სოციალური საწარმო „კოდალას“ დირექტორი:

- რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს  მწვავე გამოძახილი მოჰყვა მთელ მსოფლიოში. მოქალაქეები თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავდნენ და ცდილობდნენ, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. როგორ გამოეხმაურა ამ ყველაფერს თქვენი ორგანიზაცია?

- რუსეთ-უკრაინის ომი ყველასთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, რადგან საქართველოს არაერთხელ გამოუცდია ეს სიმწარე, რომლის შედეგები ქართული ტერიტორიების ოკუპაციის სახით დღემდე გრძელდება.

გარდა ადამიანური თანაგრძნობისა, ბევრმა კერძო პირმა, ორგანიზაციამ თუ კომპანიამ გამოიჩინა დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა რუსეთ-უკრაინის ომით დაზარალებულ უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენმა კომპანიამაც შეიტანა მცირეოდენი წვლილი დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების საქმეში: გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლები პარტნიორ ორგანიზაცია „დავითიანნთან“ ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი  ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების, დახარისხებისა და გაგზავნის პროცესში (40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის), „კოდალამ“ საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი ბავშვებისთვის გახსნა სპეციალური უფასო მასტერკლასების პროგრამა, სადაც პატარებს შეუძლიათ თავიანთი ხელით შექმნან ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები და  საჩუქრად მიიღონ „კოდალას“ პროდუქცია.

მოგეხსენებათ, „კოდალა“ ხის სათამაშოებს აწარმოებს  და ამავდროულად, ატარებს საბავშვო მასტერკლასებს, რომლის დროსაც პატარები დამოუკიდებლად ეუფლებიან  სათამაშოების შექმნის საფუძვლებს, რაც ამავდროულად, შრომითი თერაპიაცაა. შექმნილ ვითარებაში უკრაინელი მოზარდებისთვის ეს ერთ-ერთი კარგი მეთოდია ფსიქოლოგიური ტრავმის დასაძლევად.

- მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ერთობლივი ღონისძიებები კიდევ უფრო ეფექტიანი შედეგის მისაღწევად. ასეთი იყო „ორბელიანი მეტის“ მიერ გამართული საქველმოქმედო აქცია „მეტი უკრაინისთვის,“ რომელშიც თქვენი ორგანიზაციაც მონაწილეობდა.  რა იყო ამ ღონისძიებაში ჩართვის მოტივაცია?

- აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში „კოდალამ“ დევნილი ოჯახის წევრებსა და მათ შვილებს გადასცა უფასო მასტერკლასების ვაუჩერები, რომლითაც ამ ადამიანებმა შემდგომში სიამოვნებით ისარგებლეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები  დაგვიკავშირდნენ და სხვა ბავშვების დაინტერესების დიდი სურვილი გადმოგვცეს. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, გავაფართოოთ შრომითი-თერაპიული მასტერკლასების პროგრამა დევნილი უკრაინელი ბავშვებისათვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მათი ფსიქოემოციური რეაბილიტაციისთვის.

- პატარა საწარმოებისა და ასოციაციების როლი ამ კეთილშობილურ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჰუმანურ მიზნებთან ერთად, ხაზს უსვამს მათ მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობას.  რამდენად ჰქონდა თქვენს ორგანიზაციას გაცნობიერებული ეს მომენტი?

- „კოდალა“ მცირე საწარმოს მიეკუთვნება, თუმცა დაარსების დღიდან  ვაცნობიერებთ კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რაც ჩვენს საქმიანობაშიც ვლინდება: დღესდღეობით დასაქმებული გვყავს 16 შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირი, რაც მათთვის დიდი გამოცდილებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენმა კომპანიამ გააზრებულად გამოიჩინა მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობა ომით დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობის მიმართ და კვლავაც განაგრძობს ამ კუთხით მუშაობას.

- როგორ აპირებთ სამომავლოდ ამ საქმიანობის გაგრძელებას - ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეებისთვის მორალურ თუ მატერიალურ დახმარებას?

- ჩვენ დამატებით ვგეგმავთ შრომით-თერაპიული მასტერკლასების პროგრამის გაფართოებას. ასევე, ვაპირებთ ჩვენი წარმოების სფეროში დაინტერესებული მსურველებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას - სულ მცირე, 5 უკრაინელი ბენეფიციარისთვის, რომლის ფარგლებში უკვე ვაწარმოებთ  სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებას.

რინე ინასარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია „ანიკას“ დირექტორი

- რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს  მწვავე გამოძახილი მოჰყვა მთელ მსოფლიოში. მოქალაქეები თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავდნენ და ცდილობდნენ, სხვადასხვა დონეზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. როგორ გამოეხმაურა ამ ყველაფერს თქვენი ორგანიზაცია?

- ასოციაცია „ანიკა“ გმობს ძალადობის ყველა ფორმას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ  თავიდანვე გავაცნობიერეთ, რა სირთულეები შეექმნებოდათ გადაადგილების პრობლემების მქონე ადამიანებს უკრაინაში. განგაშის სიგნალის დროს მათ ძალიან გაუჭირდებოდათ თავიანთი საცხოვრებელი სივრცეების დროულად დატოვება და დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ გადაწყვიტა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უკრაინის მოქალაქეების საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფა, რაც ჩვენი მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა.

- ომის დაწყებისთანავე  ადამიანები გაერთიანდნენ და და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცდილობდნენ  უკრაინის სოლიდარობის კამპანიაში საკუთარი წვლილი შეეტანათ. როგორი იყო „ანიკას“ როლი ამ პროცესში?

- „ანიკას,“ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალი რესურსები არ გააჩნია. ჩვენი ინიციატივა და მხარდაჭერა მთლიანად ეფუძნება სპეციფიკურ საქმიანობას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას. ამ დრომდე ასოციაციამ უმასპინძლა ქალაქ ხერსონიდან ჩამოსულ ხუთ პიროვნებას (9 დღის განმავლობაში), რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, შემდეგ კი უზრუნველყო მათი სასურველ ქვეყანაში გამგზავრება.

- მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ერთობლივი ღონისძიებები კიდევ უფრო ეფექტური შედეგის მისაღწევად. ასეთი იყო „ორბელიანი მეტის“ მიერ გამართული საქველმოქმედო აქცია - „მეტი უკრაინისთვის,“ რომელშიც თქვენი ორგანიზაციაც მონაწილეობდა. რა გახდა  ამ ღონისძიებაში ჩართვის მოტივაცია ?

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ორბელიანი მეტის" მიერ ორგანიზებული  ღონისძიების მიერ მოწვევა და სიხარულით ჩავერთეთ ამ ინიციატივაში. ვწუხვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო და ომის დაწყების დღიდან შესაძლებლობის ფარგლებში მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ნებისმიერ მხარდამჭერ აქტივობას სიხარულით და ინტერესით ვუერთდებით, რათა გამოვხატოთ  ომით დაზარალებულთადმი სოლიდარობა.

როგორც იცით, "ანიკა" აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები და პირობები  - ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვაქვს ადაპტირებული შენობა, რომლის მეოთხე სართულზეც შეგვიძლია  უსასყიდლოდ ვუმასპინძლოთ 6 ეტლით მოსარგებლე ადამიანს. "ორბელიანი მეტის" ღონისძიებაზე  ეს შეთავაზება წარვადგინეთ, შევხვდით უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში და  ვთხოვეთ აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება. მადლობა კიდევ ერთხელ ღონისძიების ორგანიზატორებს მოწვევისა და მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. მსგავსი აქტივობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. 

- პატარა საწარმოებისა  და ასოციაციების როლი ამ კეთილშობილურ საქმეში გამორჩეულია, რადგან ჰუმანურ მიზნებთან ერთად, ხაზს უსვამს მათ მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობას.  რამდენად ჰქონდა თქვენს ორგანიზაციას გაცნობიერებული ეს მომენტი?

- „ანიკასთვის“ ეს თემა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად ეფუძნება კორპორაციულ პასუხისმგებლობას. შეზღუდული შესაძლებლობის  პირთა დასაქმება ასოციაციის მისიის ნაწილია. მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს ღირსეულად ცხოვრებასა და განვითარებაში როგორც საქართველოში,  ისე მის ფარგლებს გარეთაც, რისი საჭიროებაც უკრაინაში ომმა უფრო მეტად დაგვანახა.

- როგორ აპირებთ სამომავლოდ ამ საქმიანობის გაგრძელებას - ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეებისათვის მორალურ თუ მატერიალურ დახმარებას?

- ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ უკრაინელი მოქალაქეების მიღებას და დროებითი საცხოვრებლით  და საკვებით უზრუნველყოფას. რაც შეეხება ომის დასრულების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას, ვფიქრობთ, შევიმუშავებთ ისეთ გრძელვადიან პროგრამებს, რომელთა საშუალებით შევძლებთ „ანიკას“ გამოცდილების უკრაინაში გადატანას. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შემდეგ  კიდევ უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ეყოლებათ, რომელთაც დიდი მხარდაჭერა დასჭირდებათ. მზად ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში  დავეხმაროთ მათ. 

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.