
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპიდან რუსეთის მეზობელ ქვეყნებში სარეცხი მანქანების, მაცივრების და რძის სატუმბი ელექტრო აპარატების ექსპორტის უეცარი და გასაოცარი მატებაა. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ საქონელი შესაძლოა, კრემლის ომის მანქანას ხმარდება.
სომხეთმა ევროკავშირიდან წელს პირველი რვა თვის განმავლობაში იმაზე მეტი სარეცხი მანქანა შეიტანა, ვიდრე გასული ორი წლის განმავლობაში ერთად - წერს Bloomberg ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.
ტექნიკის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ყაზახეთშიც, სადაც აგვისტოს ბოლომდე ევროპიდან $21,4 მილიონის ღირებულების მაცივრები შევიდა. ეს მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერაა გაზრდილი.
ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ სომხეთში ევროკავშირიდან რძის სატუმბი ელექტრო აპარატების ექსპორტი 2022 წლის პირველ ნახევარში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შობადობა 4.3%-ით შემცირდა. ანალოგიურად, შობადობის 8,4%-იანი შემცირების ფონზე, 2022 წლის პირველ ნახევარში ყაზახეთმა ევროკავშირიდან რძის სატუმბი ელექტრო აპარატების მოთხოვნა 633%-ით გაზარდა.
ამავდროულად, ყაზახეთის მთავრობის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში მაცივრების, სარეცხი მანქანების და რძის სატუმბი აპარატების გადაზიდვები გაიზარდა.
ევრაზიის ქვეყნების გავლით, რუსეთში ტექნიკის შეტანა შესაძლოა, გარკვეულწილად ჩაითვალოს ოპორტუნისტულ ბიზნესად, რომელიც ანაზღაურებს იმპორტის ნაკლებობას, ან რუსული კომპანიების მიერ მოწყობილობების კომპონენტები და ნახევარგამტარები, შესაძლოა, სამოქალაქო წარმოებაში გამოიყენებოდეს.
ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შესაძლოა, საქონლის ნაწილი მაინც სამხედრო მიზნებს ხმარდება, რის გამოც, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ევროპიდან ტექნიკის ექსპორტის ზრდას რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში.
ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ტანკებში მაცივრებისა და სარეცხი მანქანების ნაწილების გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა.
წყაროების თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა საყოფაცხოვრებო საქონლის კომპონენტები და მიკროჩიპები გამოიყენებოდეს სამხედრო მიზნებისთვისაც, თუნდაც შედარებით დაბალი ხარისხის აღჭურვილობაში.
დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის ყველა სექტორს დაარტყა. ის ვეღარ იღებს ჩიპებსა და სხვა კომპონენტებს, რომლებსაც ძირითადი სამხედრო აღჭურვილობისთვის იყენებდა.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სავაჭრო მაჩვენებლების გამოქვეყნება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ რუსეთმა ყაზახეთიდან რძის სატუმბ აპარატებზე მოთხოვნა, გასული წლის სრულ პერიოდთან შედარებით, წელს პირველი რვა თვის განმავლობაში გააორმაგა. ყაზახეთმა 2022 წელს რუსეთში $7,5 მილიონის ღირებულების სარეცხი მანქანები გაგზავნა, მაშინ, როცა გასული ორი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლი იყო, მაცივრების ექსპორტი კი გასულ წელთან შედარებით, რუსეთში თითქმის 10-ჯერ გაიზარდა.
ყაზახეთმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარება. რაიმე მტკიცებულება, რომ ის დაპირებას არღვევს, არ არსებობს. როგორც სომხეთის, ისე ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა კომენტარის შესახებ მედიის მოთხოვნას არ უპასუხეს.