LIVE

რატომ დაიძაბა აშშ-თურქეთის ურთიერთობა

17 თებ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1377
რატომ დაიძაბა აშშ-თურქეთის ურთიერთობა

აშშ და თურქეთი 60 წელზე მეტია მოკავშირეები არიან და ნატო-ში ორივე ქვეყანა უდიდეს სამხედრო ძალას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანკარაც და ვაშინგტონიც ალიანსის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს ერთმანეთს, ქვეყნებს შორის უთანხმოება მწვავდება. ურთიერთობის გაუარესების ფაქტორებს შორისაა თურქეთის მიერ რუსეთის სარაკეტო სისტემის შეძენა, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან, ქურთული დაჯგუფებების მხარდაჭერა სირიაში.

რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და თურქეთი:

2019 წელს NATO-ს წევრმა თურქეთმა რუსეთისგან, რომელსაც ალიანსი უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად მიიჩნევს, S-400-ის სარაკეტო სისტემები შეისყიდა. საპასუხოდ, აშშ-მ სანქციები დააკისრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა ქვეყანა. ზეწოლას აგრძელებს ახალი ადმინისტრაციაც. ჯო ბაიდენმა თურქეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსულ საბრძოლო სისტემაზე. აშშ შიშობს, რომ S-400 რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ამერიკული რეაქტიული გამანადგურებელის F-35-ის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მისაღებად, რომლის შექმნაში თურქეთიც მონაწილეობდა და რომლის შესყიდვის სურვილი თურქეთსაც აქვს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები ცდილობს, საკუთარი მოკავშირეებსა და რუსეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აღკვეთოს. 

რას გულისხმობდა ამერიკული სანქციები:

სანქციების შედეგად თურქეთის წამყვანი შესყიდვების სააგენტო (SSB) აშშ-ს სამხედრო ტექნიკასა და ტექნოლოგიებს ფაქტობრივად ჩამოშორდა. სანქციების სამიზნე, მათ შორის, SSB-ის ხელმძღვანელი, ისმაილ დემირი გახდა. სააგენტოს ეკრძალება აშშ-ს ფინანსური ინსტიტუტებიდან დახმარების მიღება და აშშ-ს Export-Import Bank-ისგან სესხის მიღება ეკრძალება. შეერთებული შტატები ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ SSB-სთვის სესხების გაცემას.

ჩვეულებრივ, თურქეთს ამერიკის თავდაცვის სექტორთან $2 მილიარდი დოლარის კონტრაქტი აქვს ყოველწლიურად. სანქციები ამ კონტრაქტების დიდ ნაწილს არ შეეხება, რადგან რეტროაქტიული ძალა არ აქვს, მაგრამ სანქციების შედეგად თურქეთი ვერ მოახერხებს კონტრაქტების განახლებას, გაგრძელებას ან ახალი კონტრაქტების დადებას. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა თურქეთს სანქციების მოსახსნელად სხვა გზას არ უტოვებს გარდა იმისა, რომ უარი თქვას რუსულ შეიარაღებაზე.

რატომ ირჩევს თურქეთი S-400-ს:

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამტკიცებს, რომ დასავლეთის მოკავშირეებმა ვერ უზრუნველყვეს ირანის, ერაყისა და სირიის მხრიდან სარაკეტო საფრთხეებისგან თურქეთის თავდაცვა. ამასთან, S-400-ის შეძენა არის თურქეთის განაცხადი, საკუთარი როლი გაზარდოს რეგიონალურ პოლიტიკაში და გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან.

როგორ უპასუხა თურქეთმა აშშ-ს სანქციებს:

სანქციების დაწესებამდე ერდოღანი ამერიკას საპასუხო რეაგირებით ემუქრებოდა, კერძოდ, თურქეთში NATO-ს ორი კრიტიკული ობიექტის დახურვით. ეს არის ინჯირლიკის ავიაბაზა, რომელიც მდებარეობს სირიის მახლობლად და ადრეული გამაფრთხილებელი რადარი ქალაქ კურეჩიკში, რომელიც ნატოს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის ნაწილია. მუქარა არ შესრულებულა. ახლა ერდოღანმა უნდა შეაფასოს მოქმედების ალტერნატივები ბაიდენთან მიმართებაში, რომელიც წარსულში ერდოღანს ავტორიტარული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა.

2020 წლის ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტამდე, თურქეთი და რუსეთი ლიბიაში ომის საპირისპირო მხარეს იყვნენ და მათ განსხვავებული მიზნები აქვთ სირიის კონფლიქტშიც. თურქეთმა საკუთარი გავლენა კავკასიაშიც გაზარდა, სადაც აქამდე რუსეთი დომინირებდა და სომხეთთან მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი.

ამის მიუხედავად, თურქეთი კატეგორიული რჩება S-400- ის შენარჩუნების საკითხში და მეორე სარაკეტო სისტემის შეძენასაც აპირებს. ასევე, შესაძლებელია, მან რუსეთთან სისტემების ერთობლივი წარმოებაც კი დაიწყოს. თუმცა ერდოღანმა თქვა, რომ შეუძლია შეზღუდოს S-400-ის გამოყენება აშშ-ს მომავალი სანქციების თავიდან ასაცილებლად. თურქეთის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ აშშ-სგან პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის ელემენტებს მიიღებს, თუმცა გაურკვეველია, დაუშვებენ თუ არა აშშ-ს დეპუტატები ამ გარიგებას.

აშშ-ს და თურქეთის განსხვავებული პოზიციები სირიის კონფლიქტში:

2019 წლის ოქტომბერში თურქეთის სამხედროები სირიაში გაემგზავრნენ ქურთული “სახალხო დამცველთა რაზმების” (YPG) წინააღმდეგ, რომელიც აშშ-სთვის სირიის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი კომპონენტი იყო. თურქეთი მიიჩნევდა, რომ YPG, რომელიც სირიის ტერიტორიის დაახლოებით მესამედს აკონტროლებდა, საფრთხეს წარმოადგენს ქურთების მუშათა პარტიასთან (PKK) კავშირის გამო. PKK იბრძვის თურქეთის ტერიტორიაზე ქურთების ავტონომიურ რეგიონის შესაქმნელად და ამ მიზნით ჯერ კიდევ 1984 წლიდან უპირისპირდება თურქულ ძალებს. არათანმიმდევრული იყო აშშ-ს პოლიტიკაც. ტრამპმა ერდოღანს ოპერაციისთვის მწვანე შუქი მისცა, შემდეგ შეცვალა კურსი და სანქციები დააწესა. თურქეთმა შეარბილა პოლიტიკა მას შემდეგ, რაც აშშ-სთან და რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ქურთი მებრძოლები მისი საზღვრის სიახლოვეს არ განლაგდებოდნენ. 2021 წლის თებერვალში ერდოღანმა ვაშინგტონი დაადანაშაულა სირიაში PKK-ს და მისი შვილობილი ორგანიზაციის მხარდაჭერაში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ დაგმობს ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს მძევლების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. თურქეთმა პროტესტის ნიშნად გამოიძახა აშშ-ს ელჩი, რის გამოც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომხდარზე „PKK ტერორისტები არიან პასუხისმგებლები“.

რა ხდება თურქულ ბანკთან დაკავშირებით:

სირიაში დაძაბულობის გამწვავების შემდეგ, შტატებმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე თურქეთის სახელმწიფო ბანკის, Turkiye Halk Bankasi-ის წინააღმდეგ. პროკურატურამ Halk ბანკი ფართომასშტაბიან შეთქმულებაში - ირანის ფინანსური სისტემის სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-მ განაცხადა, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები ირანიდან და თურქეთიდან. საქმეზე გაასამართლეს ორი ადამიანი, მათ შორის ბანკის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი. სასამართლო პროცესმა 2017 წლის ბოლოს ერდოღანის პროტესტი გამოიწვია. მან აშშ-ს ოფიციალური პირები თურქეთის ეროვნული და ეკონომიკური ინტერესების შელახვაში დაადანაშაულა და ბრალდებას „საერთაშორისო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.

კიდევ რაზე ვერ თანხმდებიან აშშ და თურქეთი:

60 წლიანი ურთიერთობა დაიძაბა აშშ-ს მიერ ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციაზე უარის თქმის გამო. თურქ სასულიერო პირს ერდოღანი 2016 წლის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. ურთიერთობა გაამწვავა თურქეთის მიერ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრუნსონის და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების დაკავებამ პუტჩის მცდელობასა და ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით. ანკარას გაღიზიანებას ასევე იწვევს აშშ-ს მხრიდან ბუნებრივი გაზის დავაში კვირპოსის და თურქეთის სხვა ოპონენტების მხარდაჭერა.

რამდენად რეალურია ურთიერთობების აღდგენა ორ ქვეყანას შორის:

ინჯირლიკში კვლავ განთავსებულია ამერიკული ბირთვული ქობინი და სამხედრო ობიექტები, რომლებსაც შეერთებული შტატები იყენებს რუსეთის დასაზვერად. ამასთან, თურქეთი ერთადერთი ბარიერია, რომელიც სირიიდან ევროპისკენ მიმავალ 5 მილიონ ლტოლვილს აკავებს. თურქი ოფიციალური პირები თვლიან, რომ მრავალეროვნული ინსტიტუტებისა და ტრანსატლანტიკური კავშირებისადმი ბაიდენის რწმენა დაეხმარება ქვეყნებს შორის უთანხმოების აღმოფხვრასა და შეიარაღების გარიგებების ალბათობის გაზრდაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელქან ჰაკაოღლუ