LIVE

საქართველოს მთავრობამ Twitter-ს ტვიტის წაშლა ორჯერ სთხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა - FH

28 ოქტ 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1282
საქართველოს მთავრობამ Twitter-ს ტვიტის წაშლა ორჯერ სთხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა - FH

2021 წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ Twitter-ს ტვიტების წაშლის თხოვნით ორჯერ მიმართა, მაგრამ კომპანიამ ისინი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში

პოსტების წაშლის თხოვნა არც Facebook-მა გაითვალისწინა. საკვლევ პერიოდში, ქვეყნის მთავრობას კონტენტის წაშლის თხოვნით არ მიუმართავს Google-სთვის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ონლაინ გამოქვეყნებული ჩანაწერის წაშლის შესახებ მიმართვები იშვიათია. 

ორგანიზაციამ საქართველო თავისუფალ ქვეყნად დაასახელა და მაქსიმალური 100-დან 78 ქულით შეაფასა.

ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის და დაფარვის არეალის გაზრდასთან ერთად, ანგარიშში საუბარია ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების ლიდერების, სასულიერო პირების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლებიც გასულ წელს გავრცელდა და აღნიშნულია, რომ ეს მთავრობის მიერ თვალთვალის მასშტაბებზე მიუთითებს. 

ანგარიშის ზოგად მიმოხილვაში ასევე საუბარია არჩევნების და "თბილისი პრაიდის" მსვლელობისას ონლაინ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ.  

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება ბოლო წლებში სტაგნაციას განიცდიდა, რადგან ოლიგარქიული აქტორები დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე, ამასთან, კანონის უზენაესობის აღსრულებას პოლიტიკური ინტერესები აფერხებს