LIVE

პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე ₾19 მლნ-ის ჯარიმა გამოიწერა - რეგულაცია კვლავ არ მუშაობს

30 ოქტ 202217:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 727
პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე ₾19 მლნ-ის ჯარიმა გამოიწერა - რეგულაცია კვლავ არ მუშაობს

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წელს,  ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების არ ქონის გამო 37 ობიექტი დააჯარიმა. მათ შორისაა, მსხვილი მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და ქსელური სუპერმარკეტები. 

როგორც უწყებაში "ბიზნეს ფორმულას" განუცხადეს, კომპანიებს ჯამში 19 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრათ.

"ინსპექტირების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამჟამად სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს ვამოწმებთ. სამართალდარღვევას ინსპექტირებით ვადგენთ. პროცესი ისეთი ტექნიკური საშუალებით მიმდინარეობს, როგორიცაა სამხრე კამერა",- აცხადებენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

რაც შეეხება პარკების საწარმოებში არსებულ მდგომარეობას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმება სისტემატურად მიმდინარეობს. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, მხოლოდ ოქტომბერში თბილისსა და რეგიონებში 28 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 9 საწარმოში პლასტიკისა და არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, 4 საწარმო აღარ ფუნქციონირებდა, 15 საწარმოში კი დარღვევა არ დაფიქსირებულა. 

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება", - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ბიზნესი კი აცხადებს, რომ შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს. კომპანიების ნაწილში აღნიშნავენ, რომ საწარმოებს, ბაზრობებსა და ქსელურ მაღაზიებს სათანადოდ არ ამოწმებენ, რის გამოც კანონი მხოლოდ ფურცელზე დარჩა. პოლიეთილენის პარკებს კი სხვადასხვა ობიექტში, მათ შორის, ქსელურ მარკეტებში კვლავ იყენებენ.

"პირადად ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება იმის გამო შევწყვიტეთ, რომ მოთხოვნა არ იყო ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ხარისხიანი მასალა გამოეყენებინათ. ჩვენ იმ მასალას ვაწარმოებდით, რითაც ბიოდეგრადირებადი პარკები იწარმოება. პოლიეთილენის მასალებს იყენებენ. პარკებს აწერია, რომ ბიოდეგრადირებადია, თუმცა ასე არ არის",- აცხადებს "ეკო ჯორჯიას" გენერალური მმართველი, ბუთა ყარყარაშვილი.

ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2019 წლის ივლისიდან აკრძალულია.

ამასთან, 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან შეფუთვისთვის განკუთვნილი პარკის იმპორტისას, პარკის მწარმოებლის, სისქისა და შემადგენლობის მითითებასთან ერთად, პარკზე დატანილი უნდა იყოს პროდუქტის დასახელება, რის შესაფუთადაა პარკი განკუთვნილი.