გერმანიამ კანაფის ლეგალიზების გეგმა შეიმუშავა. მისი განხორციელების შემთხვევაში, გერმანია გახდება ევროპის ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური იქნება.
წარმოდგენილი სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, რეკრეაციული მიზნით, პირადი მოხმარებისთვის 20-დან 30 გრამამდე კანაფის შეძენა და ფლობა დაშვებული გახდება.
ოლაფ შოლცის კოალიციურმა მთავრობამ გასულ წელს განაცხადა, რომ რეკრეაციული მიზნებისთვის მოზრდილებისთვის კანაფის გაყიდვას დაუშვებდა. გადაწყვეტილება კოალიციურ შეთანხმებაში ჩაიდო. პროდუქტი ზრდასრულებისთვის ავტორიზებულ მაღაზიებში გაიყიდება. სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდული იქნება კერძო პირების მიერ მისი გამრავლება.
ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, შეზღუდული სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარება დაშვებულია. ქვეყნების ნაწილში მისი მოხმარება დეკრიმინალიზებულია, მაგრამ არა - ლეგალური.