
ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის $400 მილიონის ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) €100 მილიონის თანადაფინანსება განახორციელა.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, ამასთან რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სექტორში, რათა მოქალაქეებს გაეზარდოთ წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.
"დღეს, საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალგაზრდებში წერა-კითხვისა თუ წაკითხულის გააზრების მიმართულებით, ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია ჯანდაცვაზე ე.წ ჯიბიდან გადახდები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მედიკამენტებსა და მკურნალობაში ძალიან ბევრ თანხებს ხარჯავენ, და ბოლოს ვხედავთ, რომ კორონავირუსის შედეგ განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა სოციალური დაცვის სისტემები ქვეყანაში, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია,"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი.
ცნობისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს მსოფლიო ბანკის ყველაზე მასშტაბური და მრავალდარგობრივი ინვესტიციაა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს.