LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარდგება

24 ოქტ 202217:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარდგება

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპერების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს, TERMINAL-ში სტარტაპ გრაინდის მომდევნო პანელურ დისკუსიაზე სამი წარმატებული ქართული სტარტაპი წარდგება. ესენია: Payze, რომელიც ქართულ და უზბეკურ ბაზრებს ონლაინ გადახდების მისაღებად ულიმიტო საშუალებებს სთავაზობს; Kernel-ი, რომელიც მეწარმეების ცხოვრებას მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით ამარტივებს, როგორც საქართველოში, ასევე, ინდოეთსა და ფილიპინებში; Pulsar AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ამერიკაში მუშაობს.

Payze-ს, Kernel-ის და Pulsar AI-ის თანადამფუძნებლები შეხვედრაზე ისაუბრებენ სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მოულოდნელობებსა და სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენის გზებზე. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ იმ კომპანიების დამფუძნებლებს, რომლებიც მასშტაბირების შუაგულში არიან.

„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემამ განვითარების პირველი ეტაპი გადალახა და ახლა უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ამ მიმართულებით უკვე კარგად გამოცდილმა სტარტაპერებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დაბრკოლებისა და შესაძლებლობის შესახებ მოუყვნენ“, - განაცხადა სტარტაპ გრაინდ თბილისის თანადირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქართულმა სტარტაპებმა - Payze-მ და Kernel-მა 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ Payze-მ და Kernel-მა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა შეძლეს.

(R)