LIVE

ევროკავშირი ენერგიის ფასების შესამცირებლად გასატარებელ ზომებზე მუშაობს

21 ოქტ 202214:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 781
ევროკავშირი ენერგიის ფასების შესამცირებლად გასატარებელ ზომებზე მუშაობს
REUTERS

ევროკავშირის ქვეყნები გუშინ გვიან ღამით დასრულებულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ენერგიის მაღალი ფასების შესამცირებლად რამდენიმე გადაუდებელ ზომაზე მუშაობას გააგრძელებენ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ბლოკს სამი მიზანი აქვს: ენერგიაზე ფასების დაწევა, მიწოდების უსაფრთხოების გარანტია და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება.  

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს პროგრესს გაზის ერთობლივ შესყიდვებთან და 2023 წლისთვის გაზის ფასის ახალი საორიენტაციო მაჩვენებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით.  

შეხვედრაზე გაზის ბაზარზე რადიკალურ ზომებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეეწინააღმდეგა, მაშინ, როცა ბლოკის ქვეყნის უმრავლესობა მზად იყო გაზის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეთქვა. 

საათობით ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ლიდერებმა ევროკავშირის აღმასრულებელ მხარეს სთხოვეს, რომ შესთავაზოს "ფასების დროებითი დინამიკური დერეფანი ბუნებრივი აირის ტრანზაქციებისთვის, რათა გაზის გადაჭარბებული ფასები დაუყოვნებლივ შეიზღუდოს". მათ ასევე განაცხადეს, რომ შეიმუშავებენ დროებით ჩარჩოს, რათა შეზღუდონ გაზის ფასი ელექტროენერგიის წარმოებაში.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობას მინისტრები გააგრძელებენ, რათა "სასწრაფოდ წარადგინონ კონკრეტული გადაწყვეტილებები დამატებითი ზომების შესახებ".  

"ახლა გვაქვს ძალიან კარგი და მყარი საგზაო რუკა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ენერგიის ფასების თემაზე. შევიმუშავებთ დამატებით ახალ ინდექსს, რომელიც უკეთ ასახავს LNG-ის ფასების მდგომარეობას და იმავდროულად ჩამოვაყალიბებთ ბაზრის კორექტირების მექანიზმს, რათა შევზღუდოთ გაზის გადაჭარბებული ფასები. ვიმუშავებთ ენერგეტიკის მინისტრებთან, რათა წარვადგინოთ სამართლებრივი წინადადება ბაზრის მექანიზმის ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, განსახორციელებელი ზომები ევროკავშირს თვის ბოლომდე ან მომდევნო თვის დასაწყისში ექნება. 

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დღეს განაცხადა, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარი, რომელსაც ევროკავშირი აწესებს, არ გავრცელდება ისეთ გრძელვადიან ხელშეკრულებებზე, როგორიცაა უნგრეთის 15-წლიანი ხელშეკრულება რუსულ Gazprom-თან.  

"ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი, რათა საფრთხე არ შეექმნას უნგრეთის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას", - წერს ორბანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

მისივე თქმით, უნგრეთისთვის სავალდებულო არც ევროპის მიერ გაზის ერთობლივი შესყიდვა იქნება. 

ევროპაში ბუნებრივი აირის საორიენტაციო ფასი დღეს 7,7%-ით დაეცა და მეგავატ საათში €117,35 შეადგინა.