
სიეტლთან ახლოს მდებარე სილამაზის სალონის თანამშრომელს, სიმრან ბალს სამსახურიდან წასვლისას ტრენინგის გავლისთვის $1900-ის გადახდა დააკისრეს. მისი თქმით, შეთავაზებული ტრენინგი არ ესაჭიროებოდა, ამასთან კურსი უხარისხო იყო. საბოლოოდ, მოსამართლის განჩინებით, ბალი გადასახადისგან გათავისუფლდა.
ბალი გამონაკლისი არ არის და მისი ისტორია ჯანდაცვის, გადაზიდვების და სხვა სფეროებში დასაქმებული ათობით ადამიანის იდენტურია.
კორნელის კვლევითი ინსტიტუტის კვლევამ ცხადყო, რომ 1698 მედდიდან 589-ს ტრენინგის გავლა აიძულეს, მათგან 326-ს კი უთხრეს, რომ სამსახურის დროზე ადრე დატოვების შემთხვევაში, თანხის გადახდა მოუწევდათ. ბევრი მედდის თქმით, ისინი სრულებით არ იყვნენ ინფორმირებული, რომ ტრენინგის გაუვლელობის შემთხვევაში, თანხის გადახდა მოუწევდათ და შეთავაზებული კურსი მხოლოდ საბაზისო ინფორმაციას მიაწვდიდა.
კვლევის მიხედვით, 2020 წელს გამოკითხული დასაქმებული ამერიკელების დაახლოებით 10%-ის ხელშეკრულებები მოიცავდა სატრენინგო ანაზღაურებას ე.წ. TRAP-ს (Training Repayment Agreement Provisions), რომელსაც ამერიკელი რეგულატორები და კანონმდებლები ახლა ყურადღებით სწავლობენ.
პრაქტიკას პოლიტიკოსებიც აკრიტიკებენ. მათ შორისაა, სენატორი შეროდ ბრაუნი, რომელიც მომავალ წელს ისეთი კანონმდებლობის წარდგენაზე ფიქრობს, რომელიც ხსენებულ წესს შეზღუდავს. საკითხს გენერალური პროკურორებიც შეისწავლიან.