LIVE

"ქარი": თბილისი ნელ-ნელა მოპედების ქალაქად იქცევა

16 ოქტ 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 566
"ქარი": თბილისი ნელ-ნელა მოპედების ქალაქად იქცევა

გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის ფონზე, თბილისში სულ უფრო პოპულარული ხდება ტრანსპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა მოპედი, სკუტერი და სქროლი.

როგორც ელექტრო მოპედების საზიარო კომპანია "ქარის" თანადამფუძნებელი, დანიელ დოინიცინი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, ალტერნატიულ ტრანსპორტზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი ე.წ. პიკის საათშია.

"პიკის საათებში, ჩვეულებრივი ავტომობილით, რომ თბილისის ცენტრალურ უბანში ერთი პუნქტიდან მეორემდე გადავადგილდე, დამჭირდება საშუალოდ 1 საათი და მეტი. მოპედი კი, ამ მარშრუტს დაახლოებით 15 წუთში ფარავს. ზუსტად ამიტომ, ალტერნატიულ ტრანსპორტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი საცობების დროს მოპედებსა და სქროლებს 3.5-ჯერ მეტი ადამიანი მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. თუმცა ეს "ჩვეულებრივი დროც" აღარ გვაქვს უკვე, რადგან გზები მუდმივად გადატვირთულია და სულ საცობია. ამიტომაც, თბილისი ნელ-ნელა იქცევა მოპედების ქალაქად და გვაქვს მოლოდინი, რომ ბაზარზე ამ მხრივ მოთხოვნა ზრდას განაგრძობს", - ამბობს დანიელ დოინიცინი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კომპანიას ჯამში 300 მოპედი, 60-მდე ელექტრომანქანა და რამდენიმე ასეული სქროლი ჰყავს.