ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ კადრების დეფიციტთან ბრძოლის ორი საუკეთესო გზა არსებობს: არსებული თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და მეტი ავტომატიზაცია, კადრების საჭიროების შესამცირებლად.
„კადრების დეფიციტი ყველა ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა, ამიტომ მგონია, რომ ერთი მხრივ უნდა გავაუმჯობესოთ თანამშრომლების პირობები და მეორე მხრივ, ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ავტომატიზაციაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, რაც სამუშაო კადრების ნაკლებ რაოდენობას ითხოვს",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "ნიკორას" გენერალური დირექტორი, ირაკლი ბოქოლიშვილი.
სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობს კომპანია "ნოვას" დირექტორიც. ედიშერ ხიმშიაშვილის განმარტებით, აუცილებელია, რომ დამსაქმებლებმა თითოეული თანამშრომლის საჭიროებები გაარკვიონ, რაც მათ მუშაობის მოტივაციას შეუქმნის. მსგავსი მოტივაცია კი შესაძლოა იყოს ანაზღაურებადი შვებულებები, შეღავათები და გარკვეული პრივილეგიები.
ცნობისთვის, საქართველოს გარდა, კადრების დეფიციტი ევროპის ბევრ ქვეყანაშიც საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ევროკავშირის ქვეყნებში დამსაქმებელთა ასოციაციები ითხოვენ სოციალური უზრუნველყოფის სისტემების რეფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული შეღავათები, სოციალური სიკეთეები უნდა მოიფიქრონ, რათა ადამიანებისთვის შრომის ბაზრის მიღმა ყოფნა ნაკლებად მიმზიდველი გახადონ. ამასთან, ევროპის არა ერთ ქვეყანაში კადრების დეფიციტთან ბრძოლის ყველაზე პოპულარული გზა იმიგრაციის გამარტივებაა.