
რომელი სოციალური პლატფორმაა რეკლამის განთავსებისთვის ყველაზე მომგებიანი - ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა ხშირად კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ დღეს საკუთარი პროდუქტს ან მომსახურებას ყველაზე მომგებიანად Instagram-ზე გაყიდით.
მარკეტინგულმა კომპანია Echolize-მა კიდევ ერთხელ შეისწავლა ადგილობრივი ბაზარი და შედეგები აჩვენებს, რომ ტენდენცია გასულ წლებთან შედარებით შეცვლილია.
"რეკლამისთვის მომგებიანი სოციალური პლატფორმების ჩამონათვალი შემდეგნაირად ნაწილდება: Instagram, TikTok, Youtube - ესაა პირველი სამეული და მხოლოდ მათ შემდეგ მოდის მაგალითად Facebook, რომელიც პანდემიამდე ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა ბოლო 2-3 წელში ტენდენცია სრულიად შეიცვალა. მოკლე და ეფექტური ვიდეო კონტენტი გახდა ყველაზე ყურებადი და მომგებიანი. მსგავსი ვიდეოების განთავსებისთვის კი საუკეთესო პლატფორმა Instagram-ი და TikTok-ია. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად არსებული ტრენდიცაა. ამიტომ, კომპანიებს ვურჩევდით რომ აქცენტი სწორედ რეიტინგში მყოფ პირველ ორ სოციალურ ქსელზე გააკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად TikTok-ის მიმართ ნდობის ხარისხი ჩვენთან არც ისე მაღალია, კვლევის შედეგები აჩვენებს რომ მისი განსხვავებული ალგორითმის გამო, პროდუქტი ერთ დღეში შეიძლება მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახოს. ეს მაშინ, როცა მსგავსი ნახვების დაგროვება სხვა სოციალურ პლატფორმაზე ბევრად რთულია და შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდეს", - ამბობს Echolize-ის მმართველი დირექტორი გოგა ბერიძე.
რაც შეეხება ყველაზე მომგებიან სფეროებს, როგორც გოგა ბერიძე განმარტავს, ყველაზე პოპულარულ სეგმენტად ისევ სილამაზისა და ჯანმრთელობის, ასევე კვების ინდუსტრია რჩება.
"კვლევები აჩვენებს, რომ პირველ ადგილზე ისევ სილამაზის და თავის მოვლის მიმართულებაა, მეორე ადგილს ჯანმრთელობა და ფიტნესი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა მოგზაურობა და ცხოვრების წესი. ტოპ 3-ეულს მოსდევს უკვე თამაშები, მშობლობა და სახლი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოშიც და ზოგადად, მსოფლიოში ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანი და ტრენდული გახდა, ამიტომ არაა გამორიცხული, უკვე მომდევნო წლებში რეიტინგში ეს სეგმენტი უფრო დაწინაურდეს", - აღნიშნავს გოგა ბერიძე.
რიცხვები აჩვენებს, რომ გლობალურ ბაზარზე ინფლუენსერ მარკეტინგი ყოველწლიურად მზარდია. Influencer Marketing hub-ის წინასწარი პროგნოზით, ინდუსტრიის მოცულობა წელს $16 მილიარდს გადააჭარბებს. 2021 წელს კი მისი მოცულობა $13.8 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2020-ში $9.8 მილიარდს. რიცხვები გაცილებით ნაკლები იყო კიდევ უფრო წინა წლებში.