LIVE

LNG-ის გაზრდილი იმპორტის ფონზე ევროპაში გაზის ფასი სამთვიან მინიმუმზეა

10 ოქტ 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
LNG-ის გაზრდილი იმპორტის ფონზე ევროპაში გაზის ფასი სამთვიან მინიმუმზეა

ევროპული გაზის ფასი სამთვიან მინიმუმზე დაეცა, რადგან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი და მოსალოდნელზე თბილი ამინდი ბაზარს გარკვეულ შვებას ანიჭებს.

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, სულ მცირე 2016 წლიდან მოყოლებული, LNG-ის ნაკადები ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალ სეზონურ დონეზეა. იმავდროულად, Maxar Technologies იუწყება, რომ კონტინენტის დიდ ნაწილზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია იმაზე მაღალი ტემპერატურა, ვიდრე პროგნოზირებული იყო.

ეს ფაქტორები შესაძლოა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს დაეხმაროს, სანამ ისინი ისტორიული ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად ახალი გზების ძიებას კვლავ განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით ფასები საგრძნობლად დაეცა, ისინი მაინც გაზრდილია. რეგიონის მასშტაბით მთავრობები მიმართავენ ზომებს, რათა რუსეთიდან ბუნებრივი გაზის შემცირებული ნაკადების გამო, ზამთარში ენერგიის დეფიციტი თავიდან აირიდონ.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ფასებზე ზედა ზღვრის დასაწესებლად რამდენიმე ვარიანტს ამზადებს. ეს შესაძლოა სანდო მომწოდებლებთან "ღირსეული ფასებისთვის" დერეფანზე მოლაპარაკებებს მოიცავდეს, ისევე როგორც მთლიან ბაზარზე ხარჯების შესამცირებლად დაგეგმილ ღონისძიებებსა და ელექტროენერგიის ფასებზე გაზის გავლენის შეზღუდვის გზას.  

ცნობისთვის, ნიდერლანდების წინა თვის ფიუჩერსები 7,8%-მდე დაეცა და მეგავატ-საათზე 144 ევრო შეადგინა, რაც 1 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვერიტი რეტკლიფი