LIVE

მსოფლიო სავალუტო რეზერვები რეკორდულად - $1 ტრილიონით შემცირდა

08 ოქტ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
მსოფლიო სავალუტო რეზერვები რეკორდულად - $1 ტრილიონით შემცირდა

მსოფლიოს უმსხვილესი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, გლობალურად სავალუტო რეზერვები ყველაზე სწრაფი ტემპით ეცემა.  

გასულ წელთან შედარებით, სავალუტო რეზერვები 7,8%-ით ანუ $1 ტრილიონით შემცირდა და $12 ტრილიონი შეადგინა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა მას შემდეგ, რაც 2003 წელს Bloomberg-მა მონაცემების შეგროვება დაიწყო.

ანალიტიკოსები კლებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. Standard Chartered-ის მკვლევარი, სტივენ ინგლენდერი განმარტავს, რომ სხვაობა დიდწილად განპირობებულია ვალუტის ღირებულების ცვლილებებით. როდესაც დოლარი სხვა სარეზერვო ვალუტებთან (ევრო, იაპონური იენი) მიმართებით მნიშვნელოვნად გამყარდა, ამან სხვა ვალუტების ღირებულება შეამცირა.  

ინდოეთის მარაგი წელს $96 მილიარდი შემცირდა და $538 მილიარდი შეადგინა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის თქმით, აქტივების შეფასების ცვლილებამ აპრილის შემდეგ ფისკალური წლის განმავლობაში რეზერვების 67%-ით შემცირება გამოიწვია, დანარჩენი კი ვალუტის გასამყარებელ ინტერვენციას უკავშირდება. მიმდინარე წელს რუპია დოლართან მიმართებით დაახლოებით 9% გაუფასურდა და გასულ თვეში რეკორდულ დონემდე დაეცა. 

იაპონიამ იენის გაუფასურების შესაჩერებლად გასულ თვეში დაახლოებით $20 მილიარდი დახარჯა. ეს 1998 წლის შემდეგ, ვალუტის მხარდასაჭერად ქვეყნის პირველ ინტერვენცია და მასზე წლევანდელი რეზერვების დანაკარგის დაახლოებით 19% მოდის

ჩეხეთის რესპუბლიკაში სავალუტო ინტერვენციამ თებერვლის შემდეგ რეზერვები 19%-ით შეამცირა. 

მიუხედავად იმისა, რომ კლება მასშტაბურია, ვალუტების გაუფასურებისგან დასაცავად რეზერვების გამოყენების პრაქტიკა სიახლე არ არის. ცენტრალური ბანკები ყიდულობენ დოლარს და აგროვებენ მარაგებს, რათა, უცხოური კაპიტალი შემოდინების ფონზე, შეანელონ ვალუტის ღირებულების ვარდნა. რთულ პერიოდში, რეზერვები გამოიყენება კაპიტალის გადინების ეფექტის შესამსუბუქებლად. 

ცენტრალური ბანკების უმეტესობას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსი ინტერვენციების გასაგრძელებლად, თუ ამის სურვილი ექნებათ

უცხოური რეზერვები ინდოეთში ჯერ კიდევ დაახლოებით 49%-ით მეტია 2017 წლის დასაწყისთან შედარებით და საკმარისი იქნება ცხრა თვის განმავლობაში იმპორტის დასაფინანსებლად, მაგრამ სხვა ქვეყნებში რეზერვები სწრაფად მცირდება. მაგალითად, მიმდინარე წელს 42%-იანი კლების შემდეგ, პაკისტანში $14 მილიარდის რეზერვები საკმარისი არ არის სამი თვის იმპორტის დასაფარად 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იე შიე და მერი ბიქერთი