LIVE

კლინიკებს ექთნებისა და ექიმებისთვის თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ - მინისტრი

03 ოქტ 202217:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
კლინიკებს ექთნებისა და ექიმებისთვის თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების გარკვეულ ნაწილს ექიმებისა და ექთნებისთვის იმ თანხის გადახდა მოუწევთ, რომელიც მედიკოსებს დანამატის სახით COVID-19-ის პანდემიის დროს ხელისუფლებამ გამოუყო. მინისტრის განმარტებით, მედპერსონალს ეს თანხა სწორედ კლინიკების გავლით უნდა აეღო.

„კოვიდთან დაკავშირებით სამი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი იყო ის დანამატი, რომელიც ექთნებსა და ექიმებს სახელმწიფომ გადაუხადა და კლინიკების გავლით უნდა აეღოთ. აქ მნიშვნელოვანი პრობლემები იყო და დღეს მინიმუმამდეა შემცირებული. თუ სწორად მახსოვს, 20 კლინიკამდეა დარჩენილი პრობლემური, ზოგიერთ კლინიკასთან, სამწუხაროდ, სასამართლო დავებშიც შევედით მათი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების გამო და თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ იმ ექთნებისა და ექიმებისთვის, ვისაც ეს უნდა მიეღო", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მეორე მიმართულება, რომელზეც უწყება მუშაობდა კლინიკებში ინფექციის კონტროლი იყო. მისი თქმით, პანდემიამ პრობლემები გამოკვეთა. 

„პანდემიამ დაგვანახა პრობლემები. უკვე 80 კლინიკამდე ავედით, ზოგ კლინიკაში ორჯერ და სამჯერ ვიყავით ამ მიმართულებით. ეს არამხოლოდ პანდემიის პირობებში, სხვა შემთხვევაშიც აუცილებელი მინიმუმია იმ სტანდარტის, რომელიც კლინიკებს უნდა გააჩნდეთ. აქტიურად გავაგრძელებთ კლინიკების გადამოწმებას და პერიოდულად მოხდება მათი შემოწმება. სამწუხაროდ, ცუდი შედეგები გვქონდა პირველ შემოწმებაზე და მეორე, მესამე შემოწმებისას გამოსწორდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება კლინიკების მიერ თანხების ხარჯვას, მინისტრის თქმით, პრობლემა ამ მიმართულებითაც იყო.

„ამასაც საკმაოდ მკაცრად მივყვებით. კლინიკებთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც მათთან მიდის განხილვები და იმ კონკრეტული გაანგარიშებების გადახედვა, თუ რამდენად სწორად იყო დახარჯული. საბოლოოდ, თუ დადასტურდება მათი ბრალეულობა და ბიუჯეტში უკან ექნებათ თანხები დასაბრუნებელი, მერწმუნეთ ეს თანხები აუცილებლად დაბრუნდება“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.