LIVE

შრომითი უფლებები და უსაფრთხოება საქართველოში - 5 ვიდეო რგოლი

03 ოქტ 202216:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
შრომითი უფლებები და უსაფრთხოება საქართველოში - 5 ვიდეო რგოლი

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოში შრომით უფლებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის 5 სოციალური ვიდეო-რგოლი მომზადდა.

“დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად“,- „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა“ და „ამერიკის სოლიდარობის ცენტრის“ ერთობლივი პროექტია, რომელსაც აშშ-ის შრომის დეპარტამენტი აფინანსებს. პროექტი მიზნად ისახავს შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სოციალური დიალოგის წახალისებას და მოქმედი შრომითი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობას.

საქართველოს შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლების შინაარსი შემდეგია:

პირველი ვიდეო-რგოლი 2020 წლის შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს და საზოგადოებაში მათთან დაკავშირებით წარმოქმნილ კითხვებს ეხება.

მეორე ვიდეო-რგოლში განხილულია დასაქმებულთა და სხვა პირის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის დამსაქმებლის მიერ შესამუშავებელი რისკების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

შრომის კანონმდებლობის რეფორმამ მნიშვნელოვნად გააფართოვა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი. ამჟამად შრომის ინსპექცია უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების, არამედ შრომითი უფლებების დაცვასაც. მე-3 ვიდეო-რგოლში წარმოდგენილია თუ რა ზომების მიღება შეუძლია შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე შრომითი ნორმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.

სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც უბედური, ასევე საშიში შემთხვევა. მეოთხე ვიდეო-რგოლი განმარტავს თუ რა განსხვავებაა უბედურ და საშიშ შემთხვევას შორის და როგორ უნდა მოიქცეს დამსაქმებელი მათთან მიმართებით.

მეხუთე ვიდეო-რგოლი საქართველოს შრომითი კანონმდებლობით ორსული ქალებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ დაცვას ეხება და განმარტავს მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციასა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტის ფარგლებში შექმნილ Facebook ჯგუფში „უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია“.