LIVE

Hyundai ამერიკაში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაჩქარებას განიხილავს

02 ოქტ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
Hyundai ამერიკაში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაჩქარებას განიხილავს

Hyundai Motor Group აშშ-ში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაჩქარებას განიხილავს. 

როგორც Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს, კომპანიის გეგმების ცვლილება აშშ-ში სუფთა ენერგიის ახალი კანონის შესახებ დავებს უკავშირდება.

სეულში დაფუძნებული ავტომწარმოებელი ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2024 წლის ოქტომბრისთვის განიხილავს. მანამდე არსებული გეგმით, ქარხანა, რომლის აშენებაც დაახლოებით $5,5 მილიარდი დაჯდება, 2025 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გვისტოში ხელმოწერილი „ინფლაციის შემცირების აქტი" ელექტრომობილების მწარმოებლებს 7,500 დოლარამდე სუბსიდიას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილები ჩრდილოეთ ამერიკაში იქნება წარმოებული. სამხრეთ კორეამ აღნიშნულ აქტს ღალატი უწოდა, ვინაიდან „ინფლაციის შემცირების აქტის" გამო მრავალმა კორეულმა ფირმამ აშშ-ში ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი გეგმები უკვე წარადგინა. ეს ნიშნავს სამხრეთ კორეიდან ავტომწარმოებელი ფირმების მიერ ელექტრომობილების წარმოების აშშ-ში გატანას, რაც სეულის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, Hyundai Motor Group სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელია, რომლის ბრენდები მოიცავს Kia-ს, Hyundai-ს და Genesis-ს. ამჟამად Hyundai Motor Group-ს აშშ-ში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა არ აქვს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰიჯინ კიმი