LIVE

რუსეთთან კონკურენციის გამო აზიაში ირანის ნავთობის ექსპორტი მცირდება

01 ოქტ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 509
რუსეთთან კონკურენციის გამო აზიაში ირანის ნავთობის ექსპორტი მცირდება

ბოლო თვეებში აზიის საკვანძო ბაზრებზე ირანიდან ნავთობის ექსპორტი შემცირდა. როგორც Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს, მიზეზი რუსეთთან გაზრდილი კონკურენციაა.

ინფორმირებული პირების თანახმად, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, თეირანის ნედლი ნავთობის ყოველდღიური ექსპორტი 1 მილიონი ბარელიდან საშუალოდ 750 000 ბარელამდე შემცირდა.  

შეერთებულმა შტატებმა მკაცრი სანქციები დაუწესა ირანს და ირანულ ნავთობს. ამასთან, რუსული ნავთობისთვის კონკურენციის გასაწევად, თეირანი იძულებულია მყიდველებს ფასდაკლებები შესთავაზოს. ირანული ტვირთის დიდი ნაწილი, რომელიც ჩინეთში იგზავნება, ხშირად სხვა ქვეყნის სახელით არის წარმოდგენილი.

თავის მხრივ, მოსკოვი ცდილობს აზიაში გაყიდვების გაზრდას. რუსული ეკონომიკისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრას ევროპამ მასშტაბური სანქციებით უპასუხა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ნავთობის უდიდესი ნაწილი სწორედ აზიაში იგზავნება. ჩინეთის მცირე ნავთობგადამამუშავებელმა კერძო კომპანიებმა გაზარდეს ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვები.

როგორც Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ირანი ადგილობრივ გადამამუშავებელ ქარხნებს ყოველდღიურად უზრუნველყოფს 2,1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით. ეს ნიშნავს, რომ წარმოება ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 2,8 მილიონ ბარელს უტოლდება. ამასთან, ირანი მზადაა, გაზარდოს ექსპორტი მას შემდეგ, რაც აღდგება 2015 წლის ბირთვული შეთანხმება.

მოლაპარაკებები ე.წ „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შესახებ“ შეჩერდა ბოლო კვირებში. ამ მოლაპარაკების ფარგლებში ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები შემსუბუქდა ბირთვული საქმიანობის შეზღუდვის სანაცვლოდ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებები განახლდება ნოემბერში, აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე.

ნავთობის მინისტრ ჯავად ოუჯიმის განცხადებით, თეირანს აქვს ყოველდღიურად 4 მილიონი ბარელის წარმოების შესაძლებლობა და სურს, რომ ეს მაჩვენებელი 5,7 მილიონამდე გაზარდოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სერენ ჩეონგი, შერონ ჩო და ენტონი დი პაოლა