LIVE

არასაჭირო შეხვედრები კომპანიებს წელიწადში $100 მილიონი უჯდებათ - კვლევა

09 ოქტ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 444
არასაჭირო შეხვედრები კომპანიებს წელიწადში $100 მილიონი უჯდებათ - კვლევა
Morsa Images/Digital Vision/Getty Images

არასაჭირო შეხვედრები, რომლებზე დასწრებაც თანამშრომელთა მესამედისთვის არაფრის მომცემია, დიდ კომპანიებს $100 მილიონს აკარგვინებს.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორის, სტივენ როგელბერგის მიერ ზაფხულში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 20 სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებული 632 მუშაკი, ყოველკვირეულ შეხვედრებზე დაახლოებით 18 საათს ხარჯავს.

თანამშრომლები დასწრებაზე უარს შეხვედრების მხოლოდ 14%-ზე ამბობენ, თუმცა, სინამდვილეში უარს 31%-ზეც კი იტყოდნენ. უმნიშვნელო შეხვედრებზე სურვილის საწინააღმდეგოდ დასწრება, წელიწადში, თითო თანამშრომელზე დაახლოებით $25,000-ის ხარჯია, რაც 5,000 თანამშრომელზე დიდ კომპანიას წელიწადში ჯამში $101 მილიონამდე უჯდება.

"შეხვედრები ერთგვარი კონტროლის მექანიზმია, ხოლო ცუდი შეხვედრები წარმოუდგენლად ხარჯიანია. როდესაც თათბირზე მოსაწვევს იღებთ, ფიქრობთ, რაში გჭირდებათ ეს თათბირი, მაგრამ მაინც თანხმდებით, რატომ?", - წერს როგელბერგი, რომელიც შეხვედრებს ორი ათწლეულია იკვლევს.

როგორც როგელბერგი განმარტავს, ბევრი თანამშრომელი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ორგანიზაციის ნორმად მიიჩნევს. არავის სურს აწყენინოს შეხვედრის ორგანიზატორს, ან აფიქრებინოს, რომ მისი თანამშრომლები ორგანიზაციაში მიმდინარე ამბებით არ ინტერესდებიან.

მენეჯერების უმრავლესობა კოლეგებს არ უხსნის, როდის და რა ფორმით თქვან უარი თათბირზე დასწრებაზე, რადგან ძირითადად სწორედ ისინი აწყობენ მსგავს შეხვედრებს და მოსწონთ მათზე ერთგვარი კონტროლი.

კვლევამ ცხადყო, რომ კაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად ამბობენ უარს შეხვედრაზე დასწრებაზე, რადგან შიშობენ, რომ შემდგომ მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის გასაგებად კოლეგების შეწუხება მოუწევთ.

სხვა თანამშრომლებთან შედარებით, მენეჯერები შეხვედრებზე დაახლოებით 20%-ით მეტ დროსატარებენ. მათ უფრო საღად უნდა შეხედონ ამ პროცესს და მისცენ თანამშრომლებს დასწრებაზე უარის თქმის შესაძლებლობა.

Microsoft-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, უარის თქმის მაჩვენებელმა 84%-ით მოიმატა, მაგრამ ამის მიზეზი, ძირითადად, იმავე დროს დაგეგმილი სხვა შეხვედრაა. 

მკვლევარი წერს, რომ თანამშრომლების მხოლოდ შერჩეულ შეხვედრებზე მოწვევა დასწრების ეფექტიანობას ზრდის. კვლევის თანახმად, არასაჭირო შეხვედრების 70%-ის შემთხვევაში, დამსწრეები თავს სხვადასხვა საქმით ირთობენ.   

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბოილი